ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისი საექსპერტო კვლევები ჩაუტარდება. მათ შორის, საინჟინრო-გეოლოგიური, კონსტრუქციული მდგრადობის, არქიტექტურულ-ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები.
„პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებული მუშაობა მალე სასურველი შედეგით დასრულდება. მიუღებელია ასეთი ძეგლის განადგურება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ფოთს შევუნარჩუნებთ უნიკალური არქიტექტურის შენობას და შევძენთ უმაღლეს სასწავლებელს, რითაც ხელს შევუწყობთ ქალაქის მომავალ განვითარებას“, – განაცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.
1938 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციით აგებულ შენობაში, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, საზღვაო აკადემია განთავსდება. შეთანხმებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.