ფოთის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
ფოთის მერიის პრესსამსახური ინფორმაციით, რეაბილიტაცია „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის რეაბილიტაციას, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 904 824 ლარია.
„ქალაქს დიდი ხანია ეს პრობლემა აწუხებს. ვფიქრობ, მისი პირველი ეტაპი უკვე გადაწყვეტილია. მოვამზადეთ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შენობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას გულისხმობს. ტენდერი გუშინ გამოცხადდა და გამარჯვებულს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ქალაქს წელსვე ექნება სრულყოფილად გამართული თეატრი“, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, კოტე თოფურიამ.
ფოთის თეატრის დასი არსებული პრობლემის მოგვარებამდე, ფოლკლორის ცენტრის შენობაში გადავიდა და იქ განაგრძობს მუშაობას.
ფოთის თეატრის მშენებლობა ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, თეატრში არაერთხელ ჩამოვიდა წყალი, შენობა ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.