ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისა და მასთან ერთად დაკავებული სამ პირისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებული სამ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ მალთაყვის სანაპირო ზოლი დაათვალიერა. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის კეთილმოწყობისას უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს გამოძიება.
ქარჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ წაყენებული მუხლები უტრირებული და საფუძველს მოკლებულია.
„ამ მომენტისათვის გადმომეცა საქმის მასალები, რა თქმა უნდა, სრულად არ ვიცნობ და მთელ ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმ ბრალის დადგენილებიდან გამომდინარე, რომელიც მე გადმომეცა, პირდაპირი მტკიცებულება, რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ირაკლი კაკულიამ, არ არსებობს. ერთადერთი რაზეც ედავებიან, რომ თითქოს, მან ოთხმილიონიანი ტენდერიდან, 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რაც, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებლად მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ მალთაყვის განაშენიანების პროექტი არ იყო ოთხმილიონიანი პროექტი და ეს იყო საწყისი. ის საბოლოო სახე, რაც უნდა მიეღო ამ ტერიტორიას, ჯერ არ არის. აქ იყო გაუვალი ჭაობი, იწყებოდა მინიმუმ 18 მილიონით და შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო დაახლოებით 50 მილიონიანი პროექტი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებდა.
აქედან გამომდინარე მიმაჩნია, ირაკლი კაკულიამ საფუძველი ჩაუყარა, მართლაც ეროვნული მნიშვნელობის საქმეს, რაც ტურისტული განვითარებას ისახავს მიზნად. თუნდაც ფოთისთვის, ფოთის მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა“,- აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ამ ტერიტორიის განვითარება სახელწიფო ინტერესებშია.
„ეს უკვე დადასტურდა იმითაც, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებულ იქნა გენერალური გეგმა ამ ტერიტორიის განვითარების. მიმაჩნია, რომ ვინაიდან ეს იყო ირაკლი კაკულიას იდეა, მისი დაწყებული პროექტი, ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ეროვნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ირაკლი კაკულიას სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული. აქ შესაძლებელია, რომ კონკრეტული პირების ინტერესებს უფრო ვხედავდეთ, რომ არ უნდოდათ ირაკლი კაკულია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა „ქართული ოცნებისთვის“, გამოჩენილიყო როგორც ერთ-ერთი, ფოთში ეროვნული იდეის წამომწყებად“,- აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, ვინაიდან ის გარკვეული ქმედებები, რასაც თითქოს მას ედავებიან, არ იყო მისი მხრიდან განხორციელებული. თუ რაიმე ხარვეზი, შეცდომა, გადაცდომა იყო პროექტთან მიმართებაში, ეს არ იყო იმ მნიშვნელობის ვითარება, როდესაც აუცილებელი იქნებოდა მისი ასე საჯაროდ დაკავება. ამიტომ, მისი ასე საჯაროდ დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არ შედის არც სახელმწიფოს და არც მმართველი პარტიის ინტერესში. წაყენებული მთელი რიგი მუხლები ეს არის შეგნებულად, მისი ბრალის დამძიმებისთვის და არა რეალურად კონკრეტულად პიროვნების ქმედების ინდივიდუალურად ბრალის ჩამოყალიბებისათვის“,- აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.