სოსო გოგაშვილი - დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა
სოსო გოგაშვილი - დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა არასათანადო და არაადამიანური მოპყრობა.

„არ შემიძლია, რაღაც შეფასებები არ გავაკეთო და არ დავარქვა რაღაცას თავისი სახელი – რადგან ამ ინსტიტუციას, სასამართლოს პატივს ვცემ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ აქ და პატივს ვცემ მათ, არ მინდა, სიტყვა იდიოტი ვიხმარო და ​იდიოტის ნაცვლად ვიხმარ „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა.

დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყუნებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად. ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსიც.

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რომ ეს გავაკეთო.

ჩემს მიმართ იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა. ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრუწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ოთხი საათი სასწრაფო არ გამოიძახეს. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, ყველა ტელეფონი ჩამოგვართვეს.

ბოლო შეურაცხყოფა, რაც ვიგრძენი, იყო, აქ როდესაც მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა, კრიმინალებთან ერთად სადღაც სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ.

მოგმართავთ თქვენ, პროკურორებს, უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მიცავდეთ და ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას მართლა ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე და მე ვეხმარებოდე სასამართლოს, ამ დროს არც კი აღნიშნავთ იმ დარღვევებს, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა “,- განაცხადა გოგაშვილმა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დახურულ რეჟიმში მსჯელობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო დააყენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.