ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო ღვთისმსახურებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ატარებს.
საშობაო ლიტურგიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.
მეუფემ საზეიმო ღვთისმსახურებისას შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს სიმშვიდისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.
„ქრისტესმიერ საყვარელნო პატიოსანნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, სულიერნო შვილნო, ძვირფასო სამწყსოვ, გიხაროდეთ, ქრისტე იშვა! დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვხარობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დიდებულ შობას. სამოთხისეული ისტორიის შემდგომ ასე ახლოს ღმერთი არავის უნახავს. იესო ქრისტეს შობის ფენომენი არის უნიკალური; ის არის, ერთი მხრივ, კონკრეტულ დროსა და სივრცეში, კონკრეტული საზოგადოების წიაღში აღსრულებული მოვლენა და, მეორე მხრივ, ვერავითარი დრო და სივრცე, ვერცერთი ერი (თუ საზოგადოება) ვერ დაუდებს საზღვრებს ამ მოვლენის მნიშვნელობას და საყოველთაობას, რადგან იესო არის სრული ღმერთი და სრული კაცი, და მისი შობა ყოველმხრივ სასწაულებრივია და ის მხოლოდ რწმენითა და წმინდა ისტორიის რწმენით, ცოდნით შეიმეცნება; მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე იშვა ისრაელში, ბეთლემის გამოქვაბულში, უკიდურეს უბრალოებასა და დამდაბლებულ გარემოში, აღმოსავლეთიდან, ბაბილონის ქვეყნიდან, მის სანახავად და თაყვანის საცემად მოდიან მოგვები, რომლებსაც გზას უჩვენებს და ბეთლემის გამოქვაბულისკენ მიუძღვის ზეციური მნათობი. ბეთლემს მოსული მოგვები ახალშობილს მიართმევენ ძღვენს: ოქროს – ვითარცა მეფეს, საკმეველს – ვითარცა ღმერთს და მურს (მიცვალებულის ნელსაცხებელს) – ვითარცა განკაცებულს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწიროს კაცთათვის.
მოდით, ახლა, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ ზეცას და შევღაღადოთ ანგელოზთაგან ნაუწყები საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“. ეს საგალობელი უკვე ორი ათასი წელია გაისმის ეკლესიაში ყოველი მზის ამოსვლისას, საღვთო ლიტურგიის დაწყებისას. ახლა კი ის ვთქვათ, რამდენად ეხმიანება ჩვენი ყოველდღიური ყოფა ამ მოწოდებას?!“ – მიმართა მეუფემ მრევლს და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და, ასევე, შემწყნარებელი გარემოს შექმნა“.
„უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი! აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და, ასევე, შემწყნარებელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა მეუფემ.
ამასთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენაზე და აღნიშნა, რომ „შერიგებას და პატიებას, შეცდომის აღიარებასა და ურთიერთშენდობას თითქოსდა არ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა!“.
მისივე თქმით, „ჩვენი საზოგადოების დღემდე „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა“.
„არ შეიძლება არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ დღეს ჩვენში მოძალებულია სიძულვილის ენა, ადამიანებს შორის გაუცხოება, ერთმანეთის აუტანლობა, ზღვარგადასული დაპირისპირება, რაც საზოგადოებისა და ქვეყნის არათუ განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ უსაფრთხოებისთვის არის რეალური საფრთხის შემცველი. არადა, შერიგებას და პატიებას, შეცდომის აღიარებასა და ურთიერთშენდობას თითქოსდა არ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა! მძიმე სანახავია, როცა არაერთი ადამიანი ტოვებს მშობლიურ სახლს, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას და მიდის უცხოეთში (და მათი რიცხვი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იზრდება) უკეთესი პირობების საძიებლად, სადაც მრავალი სირთულე და განსაცდელი ელოდებათ. ძვირფასო თანამემამულენო, იმედს გამოვთქვამ, რომ არ დანებდებით ცხოვრებისეულ მძიმე გამოწვევებს და ღვთის მადლით დაძლევთ სირთულეებს. ყოველთვის გახსოვდეთ ფსალმუნის სიტყვები: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?“(ფს 26,1)
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ მრავალმა სირთულემ, მათ შორის, საბჭოეთის მახასიათებელმა ტენდენციებმა იჩინა თავი და ეს აშკარად იგრძნობა, უპირველესად კი – ჩვენი საზოგადოების მენტალობაში; ამ მხრივ, გამონაკლისი თითქმის არც კი არსებობს; სამწუხაროდ, ადამიანების თვით რელიგიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც კი გამოსჭვივის გარდასული (და, თითქოსდა, დაშლილი!) სისტემისა და იდეოლოგიის კვალი, რაც უკიდურესად გვიძნელებს ისედაც ძნელი გზის გავლას დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობისკენ, შებოჭილობიდან თავისუფლებისკენ, უპიროვნო მასაში ჩაკარგული ადამიანიდან პიროვნულობისკენ.
ვფიქრობ რა ჩვენს დღევანდელობაზე, დღემუდამ სულ ეს კითხვა წამოტივტივდება და მაწუხებს: რა არის ის სენი, რომელიც შეგვეყარა და მისგან ვერასგზით ვერ განვიკურნეთ – განსაკუთრებით ამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში?
ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების დღემდე „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა, შური, ერთი სიტყვით, ის, რაც დიდმა ილიამ თავის ერთ-ერთ საპროგრამო ლექსში, „ბედნიერი ერი“ რომ უწოდა, ასე ზუსტად აღწერა – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“. თუკი ეს მავნე სენი არ დავძლიეთ, თუკი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრში პიროვნება არ დავაფასეთ, თუკი მოყვასი ვერ შევიყვარეთ და მტრის მტრულ მცდელობებს პასუხი არ გავეცით, მაშინ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით მომავლის საზოგადოებად. მომავალზე ორიენტირებულ ნებისმიერ საზოგადოებას კრავს და აძლიერებს პატივისცემა ერის ნათელი წარსულისადმი, ამასთანავე, დაპირისპირება და მედგარი წინააღმდეგობის გაწევა იმ მტრული ძალებისადმი, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალური და სულიერი საუნჯის განადგურება სწადია. არ ეგების, ნამდვილად არ ეგების, როდესაც მთელ ჩვენს ენერგიასა და ძალას ერთმანეთის გაქირდვასა და შეურაცხყოფას ვახმართ, ხოლო ჩვენი ქვეყნის გარე მტერთა მიმართ კი თითქოსდა უცნაური გაგების სულისკვეთებით ვართ განწყობილი. ეს, საბოლოო ჯამში, ანგრევს ჩვენი ქვეყნის ისტორიული სახელმწიფოებრიობის ჯანსაღ საწყისებს და კიდევ უფრო ასუსტებს მის ისედაც დასუსტებულ და დაუძლურებულ სახელმწიფოებრივ სხეულს. დიდი ფიქრი გვმართებს, რომ ჩვენდა უნებურად ისე არ მოვიქცეთ, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება სანანებლად გაგვიხდეს ის, რაც ჩავიდინეთ, ის, რაც ვერ გავაკეთეთ და რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო!
ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი შემოქმედების გვირგვინს წარმოვადგენთ, არ და ვერ ვართ სრულყოფილნი, მაგრამ ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ სრულყოფილებისკენ ვისწრაფოთ, მარად ვემსგავსოთ ჩვენს შემოქმედს, მაღალ ღმერთს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ გავხდეთ წმინდანები, მაგრამ ეს უნდა გწამდეს, უნდა გჯეროდეს! სწორედ ამისთვის ვართ/უნდა ვიყოთ მოწოდებულნი! ადამიანი უზადო ვერ იქნება, მას ახასიათებს სისუსტეები, ცოდვითი მიდრეკილებები, თუმცა მათგან თავის დაცვა მხოლოდ სიწმიდით, სიმდაბლით, მოთმინებითა და სიყვარულით არის შესაძლებელი; სწორედ ამას შესთხოვს წმინდა ეფრემ ასური უფალს თავის ლოცვაში. წმინდა სინანული არის ერთადერთი გზა და საშუალება საკუთარ შეცოდებათა ხედვისა, მაგრამ არა მხოლოდ, არამედ, ასევე, ზემოთ აღნიშნულ ჯერ კიდევ განუკურნებელ საზოგადო სენთაგან განკურნებისა!
ყოველივე ამის თქმას რა ფასი ექნება, თუკი საერთო მიზანი და ორიენტირი არ გამოვკვეთეთ: და, საერთოდ, რა გვინდა, სად გვინდა და საითკენ ვმოძრაობთ? თუკი ამ მიმართულებით საზოგადოებრივი თანხმობა არ გამოიკვეთა, აღელვებულ ოკეანეში მოტივტივე გემს დავემსგავსებით, რომელსაც აზვირთებული ტალღები დანთქმით ემუქრება. დღემდე მოვიდა ჩვენი ერი, მრავალჭირნახული, და დღეს კვლავაც ვიბრძვით, ვშრომობთ, ვლოცულობთ ხვალინდელი დღისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვარსებობთ და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლასაც აზრი აქვს. მჯერა, რომ დავძლევთ სირთულეებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამას შევძლებთ ერთმანეთის გარეშე! მჯერა, წუთისოფელთან ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ არ მჯერა, რომ დათითოკაცებული საზოგადოება შეძლებს სასიცოცხლო ამოცანების გადაწყვეტას ერთმანეთის გარეშე!
მჯერა, ჩვენ ავაშენებთ ღირსეულ ქვეყანას, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩვენ გადავრჩებით ერთმანეთისა და ღმერთის გარეშე! ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.