ფოთის პორტში საზღვაო რეისების რაოდენობა 52 პროცენტით, ბათუმში კი, ხუთი პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში ფოთის პორტში საზღვაო რეისების რაოდენობა, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 52 პროცენტით გაიზარდა, ბათუმის პორტში კი, ხუთი პროცენტით. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკაშია ხელმისაწვდომი.
2018 წლის ოქტომბერში ფოთში 158 საზღვაო რეისის შემოსვლა/გასვლა დაფიქსირდა, 2019 წლის ოქტომბერში კი, 241-ის. ბათუმის პორტი გასული წლის ოქტომბერში 99 რეისს მოემსახურა, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი, 104-ს.
რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ფოთის პორტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 2 284 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 88 პროცენტით აღემატება. ბათუმის პორტის მეშვეობით საქართველოს 1 344 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია (ზრდა 0.2%).