ფოთის ნაწილს ძლიერი ქარის გამო წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება
ფოთში კვლავ ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ და, მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე.
„სამწუხაროდ, ფოთში ძლიერი ქარი გრძელდება.ზარალი საკმაოდ დიდია. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც აღწერს მიყენებულ ზარალს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დაშავდა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილა კლინიკაში და მას ყველა შესაბამისი დახმარება გაეწევა. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მოსახლეობას შეუძლია, ცხელ ხაზზე დარეკვა ან თავიანთ უბნებში მერის წარმომადგენლებთან დაკავშირება“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.