ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის ჰოსპიტლის ბოქსირებულ პალატაში დღეს მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ახალგაზრდა ქალმა გრიპის სიმპტომებით კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. როგორც ის აღნიშნავდა, რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა ბოლნისის მკვიდრთან.
ექიმების განცხადებით, პაციენტს რენტგენოლოგიურად პნევმონია დაუდასტურდა, თუმცა, კვლევებით, ახალი კორონავირუსი, COVID19 არ დაუდგინდა.
„არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ამავე დროს ახასიათებს ფილტვების ცალმხრივი ანთება. ხვალ გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, თუ ბინაზე და იქვე ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.