ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში, „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტია მოთავსებული. ისინი კლინიკაში ლანჩხუთიდან შეიყვანეს. ორივე მათგანს სხეულის ტემპერატურის მატება აღენიშნება.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ განაცხადა, პაციენტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.
„დღეს ავუღეთ ორ პაციენტს COVID-19-ზე ანალიზი და გაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ლანჩხუთიდან შემოიყვანეს. ორივე ქალბატონია, ცხელება აქვთ მხოლოდ, დანარჩენი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ერთ-ერთი არის ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებები აქვს, ხოლო მეორე ისეთ ადგილას მუშაობდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა ბევრ ადამიანთან, ჩავთვალეთ საჭიროდ შეგვემოწმებინა.
ასევე, ახალი ამბავი გვაქვს ის, რომ თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ ტრაილერის მძღოლები. ამ რეჟიმში, ბოლო მონაცემებით, 24 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინიდან შვიდი მოიხსნა და დარჩა ორი ადამიანი“,-განაცხადა ზინაიდა გაგუამ.