ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, საჩივრები სანთლის შუქზე განიხილეს.
12 საჩივრიდან საოლქო კომისიამ ექვსი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ოთხი განუხილველი დატოვა. რაც შეეხება დანარჩენ ორ საჩივარს, რომელიც გარე აგიტაციის თემას შეეხება, კომისიის შეფასებით, დამატებით მოკვლევას საჭიროებს და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.
„შემოსული 12 საჩივრიდან ექვსი, რომელიც ფოტო-ვიდეო გადაღებას, წილისყრის პროცედურების დარღვევასა და დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობას შეეხებოდა, უსაფუძვლობის გამო, არ დავაკმაყოფილეთ. ეს საჩივრები უბნებზეც იყო დაწერილი და რეალურად, ადგილზევე აღმოიფხვრა. რაც შეეხება ოთხ საჩივარს, ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი და ამიტომ განუხილველი დარჩა. დარჩენილ ორ საჩივარზე, რომელიც გარე აგიტაციის თემას შეეხება, გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, საოლქო კომისია ჩაატარებს მოკვლევას, ამის შემდეგ გაიმართება სხდომა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.