„ფორმულას“ დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ფორმულას“ დირექტორის ზურაბ გუმბერიძის განცხადებით, ტელეკომპანიის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ასევე დააზიანეს ერთ-ერთი მძღოლის ავტომობილი.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე ზურაბ გუმბერიძემ განაცხადა, სურთ, რომ მსგავსი გახშირებული ფაქტებით სახალხო დამცველი და დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს.
„ჩემთვის სამწუხაროა, რომ დღეს, 9 აპრილს, ამ ტრაგედიიდან 32 წლის შემდეგ გუშინ მომხდარ ფაქტებზე უნდა ვისაუბრო. ჩემ გვერდით დგას ჩვენი მძღოლი, კომენდანტის საათის დროს მის მანქანაზე, სადაც „ფორმულას“ ლოგო და ღრუბელია, მიკროფონის ვანდალური აქტი განხორციელდა, ჩამსხვრეულია შუშები. ეს არ იყო უბრალოდ კრიმინალური შემთხვევა, მანქანა დაზიანებულია, არაფერი არაა ამოღებული. ადგილზე მივიდა პატრული, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია, ჯერ რა ხდება გამოძიებაში. ასევე ნაცემია მძღოლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს გადავცემთ ინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი გრძელდება მას შემდეგ, რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა თავდასხმა. ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის, ძალადობრივი ფონის და უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რაც მმართველ პარტიას აქვს. ეს არის გამომწვევი მიზეზი ამ პრობლემების. გვსურს, რომ ნინო ლომჯარია და დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს ამ გახშირებული ფაქტებით. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მედიაგარემო იყოს უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, რომლებსაც უწევთ ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობა“, – განაცხადა ზურაბ გუმბერიძემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ვალდებულები არიან, თავიანთი თანამშრომლები დაიცვან.
„მედია ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ფონზე, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ ასეთი აგრესიული ტერმინებით და დაუნდობელი ტონით კრიტიკული მედიის მიმართ, ცხადია, ქმნის ასეთ კლიმატს და ფონს. ასე იყო ვახოს შემთხვევაში და ასეა მძღოლების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.