გამოცემა „ფორბსი“ ორგანიზაცია European Best Destinations-ის (EBD) მიხედვით აქვეყნებს სტატიას იმ ქვეყნებისა და ადგილების შესახებ, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ. სტატიის სათაურია – „ზაფხული ევროპაში: 20 ყველაზე უსაფრთხო ადგილი მოგზაურობისა და ტურიზმისთვის პოსტკორონავირუსულ პერიოდში ევროპის საუკეთესო მიმართულების მიხედვით“.
ჩამონათვალში პირველი ადგილზეა საქართველო, რომლის შესახებაც ვკითხულობთ: „საქართველო ერთ-ერთია ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის. საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ეპიდემიის ძალიან დაბალ დონემდე შესანარჩუნებლად მიიღო ზომები. ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით, აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ დაბალია. ქვეყანა პირველი ივლისიდან ხსნის საზღვრებს, სამედიცინო ზომებს ახორციელებს მოგზაურთა და ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, უსაფრთხო დასვენებისა და განტვირთვის მოსაწყობად. თბილისი ფართო თვალსაწიერის ქალაქია, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება კარგად ერწყმის ერთმანეთს. ახლა ის უფრო ტრენდულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქალაქი იდეალურია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. აღფრთოვანება აქ გარანტირებული გაქვთ. ბრწყინვალე ოსმალური შენობები კარგად ერწყმის შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ, საბჭოთა და უკიდურესად თანამედროვე არქიტექტურას. საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთსა და დანიას. თბილისი ხუთჯერ უფრო მეტად უსაფრთხოა (კრიმინალური მაჩვენებლებით), ვიდრე პარიზი ან ლონდონი. ქალაქს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბინების დიდი არჩევანი გააჩნია, რასაც ამჟამად მოგზაურები მეტად ეტანებიან. აქვეა მცირე ზომის, ბუტიკის სტილისა და საოჯახო სასტუმროები. „დამატებითი არგუმენტი გჭირდებათ? 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან თბილისის კერძო ვილაში დარჩენა 4-ჯერ უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ჯგუფის იგივე სასტუმრო ევროპის სხვა დედაქალაქში“.
საქართველოს შემდეგ მოდიან საბერძნეთი, კორფუ; ხორვატია, კავტატი; აზორის კუნძულები საბერძნეთი; პრევეზის ნომი; პორტუგალია, ალენტაჟუ.
ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა აჭარის რეგიონი, ბათუმი.
„ბათუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. ბათუმი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და თავისი ზომით – ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი ქალაქი. ბათუმს ასევე მოიხსენიებენ „შავი ზღვის ლას-ვეგასად“. ორგანიზაციის EBD ინფორმაციით, ის მშვენიერი ხედების, ძლიერი კულტურის და ლეგენდარული სტუმარ-მასპინძლობის შესანიშნავი ნაზავია. ეს მშვენიერი ქალაქი გიწვევთ, განიცადოთ უძველესი ისტორიის მქონე ადგილებისა და თანამედროვე ყოფის კონტრასტი“.
სტატიის თანახმად, ახალი კორონავირუსის კონტექსტში ბათუმი ევროპაში არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად გვევლინება, არამედ არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, სადაც კრიმინალური დონის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში.
„აჭარის რეგიონს გამაოგნებელი მრავალფეროვნება აქვს: ზღვის თვალუწვდენელი სანაპიროები, მაღალი მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, მშვენიერი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები და ამოუცნობი სამზარეულო, შეიგრძნოთ ეკოტურიზმის ძალა, გახდეთ გულღია მასპინძლების სტუმრები. ცამდე აწვდილი აჭარის მთები ბუნებასთან ჰარმონიულად გაგრძნობინებთ თავს. ბათუმი ასევე შესანიშნავია შემოდგომაზე: ჰაერის ტემპერატურა ძალიან სასიამოვნოა სექტემბერსა და ოქტომბერში“. ბათუმს 30-ზე მეტი საავადმყოფო გააჩნია, მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკებიც, რომლებიც სამედიცინო კრიზისის დაწყებიდან არც ყოფილა გადატვირთული. ქალაქი და ქვეყანა მოგზაურებისთვის პირველი ივლისიდან იხსნება. კარანტინის რეჟიმში მგზავრის მოთავსებას არავინ ითხოვს“,-აღნიშნულია სტატიაში.
ჩამონათვალში ასევე შედიან – ხორვატია, ზაგრები; პორტუგალია, ალგარვი; რუმინეთი, სიბიუ; მონტენეგრო, კოტორი; ხორვატია, რიეკა ; პოლონეთი, ვარშავა; ავსტრია, ვენა; სლოვენია, ბოჰინი; მალტა; პოლონეთი, გდანსკი, ლიეტუვა, ვილნიუსი; ლატვია, რიგა; ფინეთი, ველური ტაიგა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია: „ამასთან, სიაში მითითებულ რომელიმე ამ ლამაზ ადგილს მიაშურებთ, ორგანიზაცია EBD გირჩევთ: სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ დაგავიწყდეთ ბარიერული ჟესტები, სოციალური დისტანცირება, პირბადეების ტარება – როდესაც ეს შესაძლებელი და აუცილებელია; ნუ წახვალთ მოგზაურობაში, თუ ჯანმრთელობა სუსტი გაქვთ; ხანდაზმული ადამიანები 70 წლის ზემოთ, ასევე ჭარბი წონის მქონე პირები და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ; მოგზაურთა პასუხისმგებლობაა დაიცვან მოწყვლად კატეგორიაში მყოფი საყვარელი ადამიანები და მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები“, – ნათქვამია სტატიაში.