„ფოქს ნიუსი“ - პირველი ინფიცირებული სავარაუდოდ უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა
„წყაროები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში, ჩინეთის აშშ-თან კონკურენციის ფარგლებში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ფოქს ნიუსი“.
გამოცემის ექსკლუზიურ მასალაში აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“ სავარაუდოდ შეიქმნა უხანის ლაბორატორიაში არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობის ნაწილი, დემონსტრირება მოეხდინა, რომ მისი ძალისხმევა ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის შესაძლებლობების ტოლია ან აღემატება მას.
„ფოქს ნიუსის“ ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ თავდაპირველად, ვირუსის გადაცემა ღამურიდან ადამიანზე მოხდა და პირველი ინფიცირებული უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც შემდეგ ქალაქის მოსახლეობაში გავიდა.
ანგარიშთან დაკავშირებით, „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის, ჯონ რობერტსის კითხვაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „სულ უფრო და უფრ მეტ ამბავს ვისმენთ…ჩვენ ვაკეთებთ ამ საშინელი სიტუაციის ძალიან საფუძვლიან გამოკვლევას.“
„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ დოკუმენტები დეტალურად აღწერს ვირუსის შესაკავებლად ლაბორატორიის ექიმების ძლისხმევასა და ქვეყნის ადრეულ ზომებს.
მასალაში აღნიშნულია, რომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელიც თავდაპირველად ვირუსის წარმოშობის ადგილად დასახელდა, ღამურები არასდროს იყიდებოდა. ფარული წყარო „ფოქს ნიუსს“ უყვება, რომ ზღვის პროდუქტების ბაზრის დადანაშაულება იყო ჩინეთის მცდელობა, რომ ბრალდება უხანის ლაბორატორიისთვის აერიდებინა, რომელსაც თან ახლდა ქვეყნის ხელისუფლების აშშ-სკენ და იტალიისკენ მიმართული პროპაგანდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა 2018 წლის იანვარში განაცხადეს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინსტიტუტში უსაფრთხოება საკმარისად დაცული არ იყო და გაავრცელეს ინფორმაცია იმ მეცნიერებზე, რომლებიც ღამურების კორონავირუსებზე სარისკო კვლევებს აწარმოებდნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ თქვა, რომ მტკიცებულებები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, თუმცა დადასტურებულად არც ამის თქმა შეიძლება.
ვირუსის წარმოშობაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკ პომპეომაც.
„რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ვირუსი წარმოიშვა უხანში, ჩინეთში. ჩვენ ვიცით, რომ ზღვის პროდუქტების ბაზრიდან რამდენიმე მილში მდებარეობს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აშშ-ის მთავრობა გულმოდგინედ მუშაობს ამის გასაგებად“ – განაცხადა პომპეომ.
„ფოქს ნიუსის“ წყარო ამბობს, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით დამალა და შეცვალა მონაცემები, ნიმუშები განადგურდა, დაბინძურებული ტერიტორიები გაიწმინდა და აკადემიური სტატიები დამალეს.
„ფოქს ნიუსის“ ექსკლუზიურ მასალაში აღნიშნულია, რომ ის ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც ვირუსის გავრცელების, მისი გადამდები ბუნებისა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საშიშროებაზე საუბრობდნენ, „გაუჩინარდნენ“.
სტატიის მიხედვით, ჩინეთმა უხანიდან ქვეყნის შიგნით მგზავრობა სწრაფად ჩაკეტა, თუმცა ქალაქიდან საერთაშორისო ფრენები არ შეუჩერებია. ფარული წყარო „ფოქს ნიუსს“ ეუბნება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს კვალის დაფარვაში თავიდანვე ეხმარებოდა.