„ფოქს ნიუსი“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ წერს.
კონკრეტულად, საუბარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტის თვითმფრინავით პენსილვანიის შტატში გადაყვანაზე. კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს კომერი აცხადებს, რომ სწორედ გადასახადის გადამხდელთა სახსრების გამოყენებით მოხდა ზელენსკის პენსილვანიაში გადაყვანა.
როგორც „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, ჯეიმს კომერმა წერილი გაუგზავნა თეთრ სახლს, პენტაგონს და იუსტიციის დეპარტამენტს, სადაც ითხოვს დოკუმენტებს ადმინისტრაციის მიერ სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენების შესახებ.
„2019 წელს დემოკრატების კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის იმ თეორიის საფუძველზე, რომ მან სცადა უცხოელი ლიდერის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოყენება თავისი 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა“, – წერს კომერი წერილში.
როგორც კომერი წერს, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ სწორედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაიყვანა პენსილვანიაში, რომელიც მომავალ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე რთული საბრძოლო შტატია ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გასამარჯვებლად.
„კომიტეტი ცდილობს, დაადგინოს, სცადა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ უცხოელი ლიდერის გამოყენება, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის სასარგებლოდ და თუ ასეა, მაშინ ისარგებლა, თუ არა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით“, – ნათქვამია წერილში.
მისი განმარტებით, კომიტეტი იძიებს ნებისმიერ კოორდინაციას ან კომუნიკაციას ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციას, პენსილვანიის გუბერნატორის ოფისსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამთავრობო ქონების, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კომერი ასევე იხსენებს ზელენსკის ბოლოდროინდელ ინტერვიუს, სადაც იგი დონალდ ტრამპს კრიტიკულად გამოეხმაურა.
„მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვერ შეძლებენ ომის შეჩერებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ასეთი რიტორიკა უცხოელი ლიდერისგან, ძალიან შემაშფოთებელია“, – აღნიშნავს კომერი.