„ფიტჩმა“ საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე შეამცირა
„ფიტჩმა“ საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე შეამცირა

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე შეამცირა, თუმცა აღნიშნული აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს – 3.3 პროცენტს.

მიმდინარე წლისთვის  საქართველოს ეკონომიკური ზრდის „ფიტჩის“ პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენდა.

პროგნოზის შემცირების მიზეზთა შორის „ფიტჩი“ რუსეთის სანქციებსა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელებას ასახელებს.

„რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე, სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი), თუმცა აღნიშნული აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3 პროცენტს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7 პროცენტამდე“, – აღნიშნულია „ფიტჩის“ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

ამასთან, „ფიტჩი“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ანგარიშში დასახელებულია ძლიერი ფაქტორები და ასევე ქვეყნის გამოწვევები.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობისა და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე,  წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.