ფიქრია ჩიხრაძე - ზურაბ პატარაძის გადადგომაზე მკაფიო ახსნა უნდა მოვისმინოთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ პატარაძის გადადგომის შესახებ მკაფიო ახსნა უნდა მოვისმინოთ, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები პოსტებიდან ქრებიან ისე რომ, საზოგადოებას არგუმენტს არავინ უხსნის.
„რატომ შეიძლება გადამდგარიყო პატარაძე, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ახსნა, ან პატარაძისგან, ან მმართველი გუნდისგან და ეს ახსნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან თანამდებობიდან და არავინ უხსნის საზოგადოებას, აუხსნან და არგუმენტაცია უთხრან, ამის ღირსადაც არ მიგვიჩნევენ.
ვნახეთ პრემიერის წასვლა, დღეს ვნახე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წასვლაც, მაგრამ ვერ მიიღო საზოგადოებამ არგუმენტაცია ჩამოყალიბებული, რაც არ არის მისაღები ქართული საზოგადოებისთვის და არ არის გასაგები საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს.