ფიქრია ჩიხრაძე - ლევან კობერიძე უზრუნველყოფს, არჩევნებზე ის ამომრჩეველი მოიყვანოს, რომელიც ბოლო პერიოდში განზე იყო გამდგარი
ფიქრია ჩიხრაძე - ლევან კობერიძე უზრუნველყოფს, არჩევნებზე ის ამომრჩეველი მოიყვანოს, რომელიც ბოლო პერიოდში განზე იყო გამდგარი

ლევან კობერიძე უზრუნველყოფს იმას, რომ ის ხმები წამოიღოს და არჩევნებზე ის ამომრჩეველი მოიყვანოს, რომელიც ბოლო პერიოდში განზე იყო გამდგარი, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ვაკის საარჩევნო ოლქში კანდიდატურის დაყენებაზე.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის ამ სეგმენტის გააქტიურების გარეშე, „ქართული ოცნების“ დამარცხება წარმოუდგენელი იქნება.

„ლელო“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულიად ახალი სტანდარტით ოპერირებს არა მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ ამბებში, არამედ შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ჩვენ ძალიან სერიოზული შიდა კამპანია ჩავატარეთ. არა მხოლოდ შიდა, ამომრჩეველზეც გავედით, სადაც მხარდამჭერებს ვკითხეთ – ვის ისურვებდნენ კანდიდატებად ამა თუ იმ რაიონში და რა სახის უნდა ყოფილიყო „ლელოს“ გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ამის თაობაზე სერიოზული გამოხმაურება იყო ყველა საარჩევნო ოლქიდან, მათ შორის ვაკის საარჩევნო ოლქში. მათი სურვილი და მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გვყოლოდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ხმები მაქსიმალურად იყოს ათვისებული. ლევან კობერიძე უზრუნველყოფს იმას, რომ ის ხმები წამოიღოს და არჩევნებზე ის ამომრჩეველი მოიყვანოს, რომელიც ბოლო პერიოდში განზე იყო გამდგარი. ამ სეგმენტის გააქტიურების გარეშე მთავარი ამოცანა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დავამარცხოთ, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლელო“ ელენე ხოშტარიას პატივს სცემს.

„არ შემიძლია, ჩემი და „ლელოს“ პატივისცემა არ დავუდასტურო ელენე ხოშტარიას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურაა, მას ვგულშემატკივრობთ“, – აღნიშნა მან.

ჩიხრაძის განცხადებით, „ლელო“ სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთ ამომრჩეველს მიიყვანს საარჩევნო უბნებთან, რომელმაც გასულ არჩევნებზე სხვა პოლიტიკურ ძალებს ხმა არ მისცა.

„შესაძლოა, ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მაგრამ იცით, რომ მოლაპარაკებების პროცესში იმთავითვე ჩართული არ ვიყავით, რადგან მათ ჩვენი არგუმენტაცია იციან – ახალი პოლიტიკური ძალა ვართ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სიახლეს სთავაზობდეს. თუ წავიდოდით პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, სწორედ იმ სეგმენტს, ამომრჩევლის ერთ მესამედს ვკარგავდით, რომელიც პრაქტიკულად, გასულია საარჩევნო ველიდან. ამის ასე დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებას მმართველ ძალას ვუტოვებთ.

ჩვენი გადაწყვეტილებები არის ორი რამით ნაკარნახევი – როგორც ახალი ძალა, რომელიც არსებითად პროპორციულ არჩევნებს მნიშვნელოვნად განიხილავს და გვინდა მაჟორიტარები ყველა ოლქში გვყავდეს და ამავე დროს, არ უნდა დავტოვოთ პასიური ამომრჩეველი, რომელმაც სხვა პოლიტიკურ ძალას გასულ არჩევნებზე ხმა არ მისცა. ჩვენ ის ძალა ვართ, ვისაც არჩევნებზე ამ ამომრჩევლის მოყვანა შეგვიძლია“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ლელოს“ მიერ ვაკეში კანდიდატურის დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო.