ფიქრია ჩიხრაძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატზე პრეზიდენტი კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტი იმოქმედებს იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც მას აძლევს გარკვეულ უფლებამოსილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ კონსულტაციების შემდგომ ხდება კანდიდატურის დასახელება.
„ვფიქრობ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს მოქმედებს ძალიან კარგად განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებებს. ყველა მოსაზრება, რომელსაც ამის თაობაზე ვისმენდით, არის ალბათობის ნიშნით აღბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში მაინცდამაინც ლოგიკასთან არ არის კარგ მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია უამრავი რამ ვივარაუდოთ, მაგრამ კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თვითონ პოლიტიკურ ჯგუფებს რა დამოკიდებულებები ექნებათ ერთმანეთთან, მართველ ძალასთან, თუ ოპოზიციურ ძალებთან, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამ საქმეში არც ვერეოდით, არც კომპეტენცია გვაქვს და არც კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას. თუ კანდიდატურები შიგნით პოლიტიკური ჯგუფებისთვის არ იქნება მისაღები და ამაზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ეს გამოჩნდება კონსულტაციების დროს და სწორედ ეს კონსულტაცია არსებობა, რათა პრეზიდენტმა ამ კონსულტაციებიდან გამომდინარე მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჩიხრაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.