ფინეთში, სანტა კლაუსის სოფელში საშობაო სამზადისი დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლაპლანდიაში მდებარე სანტას სოფელ როვანიემიში საშობაო სეზონისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობა არ შეინიშნება.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩვეულებრივ, სანტას ყოველდღიურად 300-მდე ოჯახი სტუმრობს, თუმცა ახლა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ეს რაოდენობა 30-მდე არის შემცირებული. მიმდინარე წელს ვიზიტორების უმეტესობა, ძირითადად, ფინეთის მცხოვრებლები არიან.
კოვიდრეგულაციები მოქმედებს სანტას სახლშიც, კერძოდ, საჭიროა პირბადის ტარება. ამასთან, სანტას ვიზიტორებისგან ჯანჯაფილის ორცხობილის ფორმის მინა ჰყოფს.
„ეს განსაკუთრებული წელი იყო და როგორც ჩანს, ჩვენ პანდემიის პირობებში კიდევ გარკვეულ ხანს მოგვიწევს ცხოვრება. ამიტომ შობა ამაზე უკეთეს დროს ვერ დადგებოდა – სწორედ ახლა გვჭირდება ცხოვრებაში ბედნიერება და სიხარული“, – ამბობს სანტა კლაუსი.