ფინეთში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის. ფინური მედიის ინფორმაციით უკვე დაგეგმილია ოთხი აქცია.
ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი, ეროვნული კოალიციის ახალგაზრდული ფრთაა.
აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოვლენ, ისინი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ტრამპის პოლიტიკას გააპროტესტებენ. ასევე იგეგმება აქცია სახელწოდებით „შეაჩერე პუტინი“.
მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი გახდება ცნობილი, პოლიცია აქციის ორგანიზატორებს სპეციალურ ადგილს გამოუყოფს, სადაც ისინი საპროტესტო აქციის გამართვას შეძლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილი შეხვედრის გამო, ფინეთში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. განსაკუთრებით გამკაცრდა ქვეყანაში შესვლა. მესაზღვრეები ყველა ადამიანს, რომელიც ფინეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს განსაკუთრებულად ამოწმებენ.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს შეხვდებიან.