ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთისა და ბელარუსის გამო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია განადგურების წინაშე დგას
რუსეთისა და ბელარუსის გამო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო განადგურების წინაშე დგას, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა.
მედიის ცნობით, ეუთო-ს თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხდება. წესების მიხედვით, ორგანიზაციის 57-ვე წევრი ქვეყანა ამტკიცებს ახალ თავმჯდომარეს, თუმცა ეუთო კრიზისისა და განადგურების წინაშე დგას იმის გამო, რომ რუსეთსა და ბელარუსს არ სურთ, დაამტკიცონ ესტონეთის თავმჯდომარეობა 2024 წელს.
„2024 წელს თუ არ იქნება არჩეული თავმჯდომარე, მაშინ მომავალი წელი იქნება ორგანიზაციის განადგურების წელი“, – განაცხადა ჰაავისტომ.
ცნობისთვის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დღეს ერთადერთი ევროპული უსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას. მისი მთავარი ამოცანაა კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის მონიტორინგი და არჩევნებზე დაკვირვება.