ფინეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი - მზად ვართ, საქართველოს განათლების სისტემის განმტკიცებაში დავეხმაროთ
მზად ვართ, საქართველოს განათლების სისტემის განმტკიცებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ ფინეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განათლების პოლიტიკის გარდა, ისაუბრეს საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობებზე, განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
„საქართველოსა და ფინეთის საპარლამენტო თანამშრომლობა ძალიან აქტიურია. ეს ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. ჩვენი ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ჩემი აზრით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ვიზიტის დროს განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მეორე არის საქართველოსა და ფინეთის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. კიდევ ერთი საკითხი ეხება განათლების პოლიტიკას. როგროც შევნიშნე, ბევრი ჩემი კოლეგა საქართველოში დაინტერესებულია ფინური განათლების სისტემით. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ დახმარების სურვილი გვაქვს. მზად ვართ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს განათლების სფეროს განმტკიცებაში“, – განაცხადა მატიას მარტინენმა.