ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე,ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ორი ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.