ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პორტსმუტის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ფარესიშვილმა და პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციური სერვისების დირექტორმა, სარა დაკერინგმა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა მათი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკური დანაშაულისა და სხვა რელევანტური დანაშაულების სფეროში სამომავლო კვლევითი პროექტების მიმოხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ ფუნქციონირებას, პრევენციას, გამოძიებას და გამოვლენას; სამსახურის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზებისა და მათი განხორციელების შესაძლებლობები – დისტანციური სწავლებისა და კამპუსში სწავლების ჩათვლით; ასევე, ერთობლივი სპეციალიზებული კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და განვითარება.
აღსანიშნავია, რომ პორტსმუტის უნივერსიტეტი წარმოადგენს პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც საგამოძიებო სამსახურმა პროფესიული პარტნიორობა დაამყარა არსებობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე.
საგამოძიებო სამსახური კონცენტრირებული იქნება პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრთან (CCEC) მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა სპეციფიკური სასწავლო კურსების მეშვეობით, ფასეული გამოცდილებით და ღირებული ცოდნით გააუმჯობესოს თავისი გამომძიებლების და შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია, ასევე გააძლიეროს კვლევის, სწავლების და ინოვაციური უნარ-ჩვევები აღნიშნულ სფეროებში.
უახლოეს მომავალში განისაზღვრება კონკრეტული აქტივობები შესაბამის სფეროებში, მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.