ფინანსთა მინისტრის მოადგილე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ჩადგება
მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არააქციზური საქონლის იმპორტიორებს აღნიშნული ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.