ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს.
მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს.
„დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტროს ყველა სტრუქტურა კეთილსინდისიერია ყველა კომპანიასთან მიმართებით. სამინისტრომ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რომ დარგში არსებული სიტუაცია როგორმე მოგვარებულიყო ისე, რომ არც სახელმწიფო ინტერესი დაზარალებულიყო და კომპანიას აღედგინა კეთილსინდისიერი გადამხდელის რეპუტაცია“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე კონსულტაციებს გაივლის, როგორია კომპანიის მდგომარეობა და თუ დავალიანება გაზრდილია, სახელმწიფოს მიდგომა უფრო მკაცრი იქნება.
„რაც შეეხება დღეის მონაცემებით მათ მდგომარეობას, ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურთან კონსულტაციას გავივლი. თუკი აღმოჩნდა, რომ დავალიანება ისევ გაიზარდა, ჩვენი მიდგომა იქნება უფრო მკაცრი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს მიმართ არსებულ დიდ დავალიანებას. როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფომ რამდენჯერმე მისცა წარმოების განახლების შესაძლებლობა, თუმცა დავალიანების გადახდის გრაფიკი რამდენჯერმე დაირღვა.
„ამას კომპანიაც ადასტურებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე შეთანხმება შედგა და ბევრჯერ დაირღვა გრაფიკი. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ლმობიერად მივუდექით ფაქტს, ათასობით დასაქმებული ადამიანის ბედს ორგანიზაციაში და ადგილობრივი წარმოების ბედს, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციებისა. შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური სტრუქტურა, ის სამოხელეო სტრუქტურაა და შესაბამისად, მისი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ უნდა იყოს კონსტრუქციული” – აცხადებს დუნდუა.
„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ.