ფინანსთა მინისტრი - მთავრობამ მიმდინარე წელს 140 მილიონი ლარის ეკონომია გასწია
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ორიენტირებულია ოპტიმიზაციის მაღალ ხარისხზე.
მისივე თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტში კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს.
“თუმცა, დღესაც შემიძლია ეს ციფრები გავაჟღერო. მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს ამ ნაწილში. აქედან 100 მილიონი არის სახელფასო ანაზღაურებები და 40 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯი. ვფიქრობ, 140 მილიონი საკმაოდ მნიშვნელოვანია ციფრია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობა ორიენტირებულია ოპტიმიზაციის მაღალ ხარისხზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, მინისტრის თქმით, ბუნებრივია, გაერთიანებული სამინისტროების ახალ ხელმძღვანელებს ექნებათ დრო, ჩამოაყალიბონ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.
“მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საუბარია უკვე 140 მილიონი ლარის ეკონომიაზე, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ციფრია”, – განაცხადა ბახტაძემ
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სხვა რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება საბაჟო რეფორმა.
„ეს არის მომავალი წლის გეგმები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისგან დროული უკუკავშირი, რადგან ბიზნესი ხედავს ყველაზე უკეთესად, ჩვენ რა საკითხები გვაქვს გასაუმჯობესებელი საბაჟო პროცედურებში და შევთანხმდით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფიც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ ეს რეფორმა წარმატებით დაინერგება”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან” გამართულ შეხვედრაზე.