Financial Times-ი - ევროკავშირს 2025 წლამდე კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდება
Financial Times-ი - ევროკავშირს 2025 წლამდე კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდება

ევროკავშირს 2025-წლამდე კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელი შეთავაზებას ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის აპირებს. კერძოდ, სიაში ალბანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, კოსოვო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა ფიგურირებს.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ გაფართოების მიზანს რუსეთის გავლენასთან ბრძოლა და საიმიგრაციო ნაკადების მართვა წარმოადგენს.

ევროპაში შიშობენ, რომ მოსკოვი რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

გავრცელებული ცნობით, ევროკომისია გაფართოების გეგმების შესახებ დოკუმენტს სამშაბათს გამოაქვეყნებს, სადაც გაფართოების უკიდურეს ვადად 2025 წელი იქნება დასახელებული. თუმცა, მას არა როგორც რეალურ თარიღს, არამედ როგორც სამოტივაციო სტიმულს განიხილავენ. ამ ეტაპზე ზემოთხსენებული ექვსი  ქვეყნიდან, მხოლოდ ორთან, სერბეთსა და მონტენეგროსთან მიმდინარეობს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

ბოლოს ევროკავშირი 2013 წელს გაფართოვდა, როდესაც ბლოკს ახალ წევრად ხორვატია შეემატა.