ფილიპო გრანდი - გამანადგურებელია იმის ნახვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი შეწყდა, ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ჰუმანიტარულ პაუზებს
გამანადგურებელია იმის ნახვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი შეწყდა, – ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ დუბაიში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე „როიტერს“ განუცხადა.
„დამღუპველია ის, რაც ხდება 7 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ პაუზებით, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებით, განსაკუთრებით კი, ბრძოლის შეჩერებით, ღაზაში დახმარების შესვლა შესაძლებელი იყო. ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ჰუმანიტარულ პაუზებს, ცეცხლის შეწყვეტას, როგორც გინდათ, ისე დაარქვით ამას, რათა თავიდან დაიწყოს პოზიტიური პროცესები, მათ შორის, ღაზაში რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დასახმარებლად“, – აღნიშნა ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.
ფილიპო გრანდიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს“ ჰუმანიტარული მიზნით პაუზებისკენ და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებზე უარის თქმა კოლოსალური შეცდომაა.