ფილიპინებში პოლიციამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო არალეგალური კლინიკა აღმოაჩინა
ფილიპინებში პოლიციამ მიაკვლია არალეგალურ კლინიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ჩინელებს მკურნალობდნენ.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი. ამასთან, არალეგალურ კლინიკაში ჩატარებული რეიდის დროს, აღმოაჩინეს ერთი პაციენტი.
არალეგალური კლინიკა ყოფილი ამერიკული სამხედრო საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე, სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე ერთ-ერთ სახლში იყო მოწყობილი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კორონავირუსის სწრაფი ტესტები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა.
დაკავებულები და პაციენტი წარმოშობით ჩინელები არიან. გამოძიება ვარაუდობს, რომ არალეგალური კლინიკის პაციენტები სათამაშო ბიზნესში ჩართული პირები იყვნენ, რომელთა შორის ბევრი ჩინელია.
ჩინეთის მთავრობამ აუკრძალა მოქალქეებს ფილიპინებში სათამაშო ბიზნესში ჩართვა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი ამას მაინც ახერხებს.
ფილიპინებში დაფიქსირებულია კორონავირუსის 13 000 შემთხვევა. დაღუპულია 837 ადამიანი.