ფილიპინებსა და ჩინეთში წლის ყველაზე ძლიერ ტროპიკულ შტორმ „მანგჰუტს“ 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფილიპინების მთავრობაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ფილიპინებზე მსხვერპლის მთავარი მიზეზი წყალდიდობა და მეწყრული ზონების გააქტიურება გახდა. ფილიპინებზე სტიქიის შედეგად 250 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა შენობები ჰონგ კონგში. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.
ფილიპინებისა და ჰონგ კონგის შემდეგ, ტროპიკულმა შტორმმა ჩინეთის კონტინენტური ნაწილისკენ გადაინაცვლა. ჩინეთის გუანგდონგის პროვინციაში 2.4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ჰონგ კონგის ამინდის ობსერვატორიამ შტორმის გამაფრთხილებელი უმაღლესი T10 დონის სიგნალი გაავრცელა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 173 კილომეტრს აღწევს.