ფიფა ახალგაზრდა ტაილანდელ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე იწვევს
ფიფას პრეზიდენტმა ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მიიწვია. ჯანი ინფანტინომ შესაბამისი წერილი ტაილანდის ხელისუფლებას გაუგზავნა.
გზავნილში ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ყურადღებით აკვირდებიან ახალგაზრდა ტაილანდელი ფეხბურთელების გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები დაუბრუნდნენ ოჯახებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, ვეპატიჟებით მოსკოვში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი საზეიმო მომენტი იქნება”, – წერს ჯანი ინფანტინო.
შეგახსნებთ, 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ და წყალდიდობის გამო, უკან ვეღარ გამოვიდნენ. დღეს დილიდან მაშველებმა ოთხი ბავშვის გამოყვანა შეძლეს.