ავტოინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ბრენდების კიდევ ერთი გაერთიანების საკითხი განიხილება. იტალიური „ფიატ-კრაისლერი“ ფრანგულ „რენოს“ კომპანიების გაერთიანებას სთავაზობს, სადაც 50 პროცენტი იტალიური კომპანიის აქციონერების იქნება, 50 პროცენტი კი ფრანგულის. ინფორმაციას დასავლური მედია „ფიატ-კრაისლერის“ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიური ავტოგიგანტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კომპანიების გაერთიანების შემთხვევაში, გლობალურ ავტობაზარზე ახალი ლიდერი გაჩნდება, რომელიც წელიწადში 8.7 მილიარდ ავტომობილს გაყიდის. გაერთიანებული კომპანიების შემოსავლები 2018 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით 170 მილიარდ ევროს შეადგენს და გაერთიანების შემდეგ არც ერთი კომპანიის ავტოქარხნის დახურვა არ იგეგმება.
„ფიატ-კრაისლერის“ მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, როგორც იტალიური, ისე ფრანგული კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა – „ფიატის“ აქციებზე 19, „რენოს“ აქციებზე კი 17 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
„რენოს“ იტალიური ავტოგიგანტის წინადადებაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია და განხილვის რეჟიმშია. თუმცა საფრანგეთის მთავრობა, რომელიც „რენოში“ 15 პროცენტიან წილს ფლობს, გაერთიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გარიგების თაობაზე მეტი დეტალის მიწოდებას ითხოვს.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ გაერთიანება შედგა, ახალ კომპანიაში წილი იტალიის მთავრობამაც მოითხოვოს.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბიბისის“ ანალიზის მიხედვით, ავტომწარმოებლებმა გაერთიანებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბაზარზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა და აქცენტი ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდა.