სტარტაპ Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს
სტარტაპ Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს

საკმაოდ დიდი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან და ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ გზაზე, რაც სტარტაპ „პულსარმა“ გაიარა და იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ვართ, – ამის შესახებ, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა სოფიო ჭყოიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ასევე ვისაუბრეთ, ჩვენი მხრიდან რა იქნებოდა სამოქმედო გეგმა და შესაბამისად, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს“, – განაცხადა Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა.

შპს „პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ-ჩეთის საშუალებით.