ფეხბურთის ისტორია - 10 საუკეთესო მატჩი [ვიდეო]
ფეხბურთის ისტორია - 10 საუკეთესო მატჩი [ვიდეო]

რამდენიმე წლის წინ, ურთულესი მისია აიღო საკუთარ თავზე ცნობილმა ინგლისურმა საფეხბურთო ჟურნალმა „ვორლდ სოქერ“-მა (World Soccer). მან გამოავლინა ყველა დროის 10 საუკეთესო გოლი, ამდენივე საუკეთესო მატჩი და გუნდი.

საუკეთესოთა გამოვლენა გამოკითხვის შედეგად მოხდა. წამყვანი უცხოური გამოცემების კორესპონდენტები ასახელებდნენ საუკეთესო გოლს, გუნდსა და მატჩს. გარდა ამისა, თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ ცნობილ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს – ყოველი ქვეყნიდან თითოს. მაგალითად, გამოკითხვაში მონაწილეობდნენ „როიტერის” ჟურნალისტები, აგრეთვე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები.

საბოლოოდ, მივიღეთ საუკეთესო მატჩების სია, რომელსაც შესაძლოა მკითხველთა დიდი ნაწილი არ დაეთანხმოს. საერთოდ, ასეთ საკითხებში კამათი უაზრობაა – ყველა საკუთარი გემოვნების მიხედვით მსჯელობს. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი გულშემატკივარი ამ თამაშების გახსენებისას კვლავ შეიგრძნობს იმ ემოციებს, რომლის მონიჭებაც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია…

  1. იტალია-გფრ 4:3

17 ივნისი, 1970 წელი

მეხიკო. „აცტეკა”

მსოფლიო ჩემპიონატი. 1/2 ფინალი

იტალია: ალბერტოზი, ბურგნიჩი, ჩერა, ბერტინი, როზატო (94. პოლეტი), მაცოლა (46. რივერა), ფაკეტი, დე სისტი, დომენგინი, ბონინსენია, რივა.

გფრ: მაიერი, შნელინგერი, ფოგთსი, პატცკე (66. ჰელდი), შულცი, ბეკენბაუერი, ოვერატი, ზეელერი, გრაბოვსკი, მიულერი, ლორი (52. ლიბუდა).

გოლები: 1:0 ბონინსენია (7), 1:1 შნელინგერი (90), 1:2 მიულერი (95), 2:2 ბურგნიჩი (98), 3:2 რივა (104), 3:3 მიულერი (110), 4:3 რივერა (111)

მსაჯი: იამასაკი (მექსიკა). 102 444 მაყურებელი


არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ სწორედ ეს მატჩი აღიარეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ფრანც ბეკენბაუერმა. – საოცარია, რამდენად ღარიბი და არასაინტერესო იყო პირველი 90 წუთი. სამაგიეროდ, დამატებითი 30 წუთი იყო ფენომენალური”.

კაიზერმა იცის, რასაც ლაპარაკობს. დამატებით დროში მან მხარის საშინელი ტრავმა მიიღო, მაგრამ მუცელზე მიკრული ხელით თამაში ბოლომდე ჩაამთავრა, რადგან გერმანელებს ორივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ. ალბათ, ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი იმ ცნობილი ოვერტაიმიდან.

იტალიელებმა დაცვაში დაიხიეს და მთელი ძირითადი დროის განმავლობაში, აშკარად „კლავდნენ” თამაშს. მაგრამ შნელინგერმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს ოთხი წლით ადრე, ინგლისელებთან ფინალში ვებერმა გააკეთა.

და ამის მერე დაიწყო… 16 წუთის განმავლობაში ხუთი გოლი გავიდა. ჟურნალისტებმა ამას „კალათბურთი ბალახზე” უწოდეს. თავიდან მიულერმა გერმანელები დააწინაურა, შემდეგ იტალიელები გამოცოცხლდნენ და ცხრა წუთში წინ გავიდნენ. გერმანიას სულ 120 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა. მაგრამ იტალიელები კვლავ წინ გადიან – ჯანი რივერამ მარცხენა ფლანგიდან ბონინსენიას პასს შეუცვალა მიმართულება. როგორც ჩანს, სწორედ ეს გოლი აყენებს იტალიისა და გფრ-ის მატჩს, სხვა თრილერებზე მაღლა: რაც  არ უნდა იყოს, გამარჯვების გოლი პენალტების სერიის შემდეგ არ გასულა.

  1. ლივერპული-მილანი 3:3 პენ. 3:2

25 მაისი, 2005 წელი

სტამბოლი. ოლიმპიური სტადიონი

ჩემპიონთა ლიგა. ფინალი

ლივერპული: დუდეკი, ფინენი (46. ჰამანი), ჰიიპია, კარაგერი, ტრაორე, ლუის გარსია, ჯერარდი, ჩაბი ალონსო, რიისე, კიუელი (22. შმიცერი), ბაროში (83. ჯ. სისე).

მილანი: დიდა, კაფუ, სტამი, ნესტა, მალდინი, ზეედორფი (83. სერჟინიო), გატუზო (111. რუი კოშტა), პირლო, კაკა, კრესპო (83. ტომასონი), შევჩენკო.

გოლები: 0:1 მალდინი (1), 0:2 კრესპო (38), 0:3 კრესპო (43), 1:3 ჯერარდი (53), 2:3 შმიცერი (54), 3:3 ჩაბი ალონსო (59)

59-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ვერ გაიტანა პენალტი

მსაჯი: მეხუტო გონსალესი (ესპანეთი). 69 000 მაყურებელი


„სტამბოლის სასწაულიდან” დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ეს მატჩი ღირსეულად შედის საუკეთესოთა რიგებში. საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა მძლავრმა „მილანმა”, პირველ ტაიმში გადათელა მეტოქე და პრაქტიკულად უშანსოდ დატოვა.

მაგრამ აქ, ინგლისელებს დასახმარებლად მე-12 მოთამაშე გამოეცხადათ. მან ისე დასცხო You’ll Never Walk Alone, რომ ორმილიარდიან ტელეაუდიტორიას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჯერარდმა პირველი საპასუხო გოლის გატანის შემდეგ, აიძულა ფანები კიდევ უფრო მეტად ეყვირათ. შმიცერი – 3:2, ჩაბი ალონსო – 3:3! და ეს ყველაფერი 350 წამის განმავლობაში! მანამდე ასეთი რამ ჩემპიონთა თასის ფინალებში არასოდეს მომხდარა…

„მილანი“ გონს დამატებით დროში მოეგო და ვალდებული იყო გაემარჯვა. მაგრამ აქ ერჟი დუდეკის დრო დადგა: პოლონელი მეკარე სასწაულებს ახდენდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანდრეი შევჩენკოს ზედიზედ ორი „მკვდარი“ ბურთი აუღო. უკრაინელი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტმა გამოიყვანა ფორვარდი წყობიდან – შევჩენკომ ვერც მატჩისშემდგომი პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც, დუდეკი სიხარულისგან გადარეული პარტნიორების მკლავებში აღმოჩნდა. მართალს ამბობენ: ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში იმარჯვებს არა ის, ვინც ძლიერია, არამედ ის, ვისაც ამის უფრო მეტი სურვილი აქვს.

  1. რეალი-აინტრახტი 7:3

18 მაისი, 1960 წელი

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“

ჩემპიონთა თასი. ფინალი

რეალი: დომინგესი, მარკიტოსი, სანტამარია, პაკინი, ვიდალი, სარაგა, კანარიო, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო.

აინტრახტი: ლოი, ლუტცი, აიგენბროდტი, ჰოფერი, ვაილბახერი, შტინკა, კრესი, ლინდნერი, შტაინი, პფაფი, მაიერი.

გოლები: 0:1 კრესი (18), 1:1 დი სტეფანო (27), 2:1 დი სტეფანო (30), 3:1 პუშკაში (45), 4:1 პუშკაში (56), 5:1 პუშკაში (60), 6:1 პუშკაში (71), 6:2 შტაინი (72), 7:2 დი სტეფანო (75), 7:3 შტაინი (76)

მსაჯი: მოუეტი (შოტლანდია). 134 000 მაყურებელი


ჩემპიონთა თასის ფინალების ისტორიაში დღემდე სარეკორდო აუდიტორიის წინაშე (ტრიბუნაზე იჯდა კლუბ „ქუინზ პარკის” 18 წლის ფორვარდი ალექს ფერგიუსონიც), მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.

ეს იყო ორი სუპერფორვარდის – ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშის საუკეთესო მატჩი. მაგრამ ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდათ, რაზეც მეტყველებს ის 12 გოლი, რომელიც მათ ორ მატჩში შოტლანდიის „რეინჯერსის“ კარში გაიტანეს.

მიუხედავად ამისა, დი სტეფანომ და პუშკაშმა მაინც დადგეს თავიანთი წარმოდგენა. შვიდი გოლი სულ რაღაც 44 წუთში ჩაეტია. საინტერესოა, რომ სამი  საგოლე პასი ხოსე სანტამარიამ გააკეთა, ოთხი – ფრანსისკო ჰენტომ. პუშკაშმა მისთვის ნაკლებად ტიპიური მანერით – თავითაც კი გაიტანა ბურთი, რითაც საკუთარი პარტნიორებიც კი გააკვირვა. მოკლედ, „სამეფო კლუბს“ იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდა: მეტოქემ გაიტანა  იმდენი, რამდენიც შეძლო, „რეალმა“ – რამდენიც მოინდომა.

  1. გფრ-საფრანგეთი 3:3 პენ. 5:4

8 ივლისი, 1982 წელი

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

მსოფლიო ჩემპიონატი. 1/2 ფინალი

გფრ: შუმახერი, კალცი, შტილიკე, კ-ჰ. ფიორსტერი, ბრიგელი (95. რუმენიგე), დრემლერი, ბრაიტნერი, ბ. ფიორსტერი, მაგათი (72. ჰრუბეში), ლიტბარსკი, ფიშერი.

საფრანგეთი: ეტორი, ამორო, ჟანვიონი, ტრეზორი, ბოსი, ჟენგინი (50. ბატისტონი/59. ლოპესი), ტიგანა, ჟირესი, პლატინი, როშტო, სიქსი.

გოლები: 1:0 ლიტბარსკი (17), 1:1 პლატინი (27-პენ), 1:2 ტრეზორი (92), 1:3 ჟირესი (98), 2:3 რუმენიგე (102), 3:3 ფიშერი (108)

მსაჯი: კორვერი (ჰოლანდია). 60 000 მაყურებელი


ვინც არ უნდა ადგენდეს ყველა დროის საუკეთესო მატჩების სიას, ეს თამაში პირველ ხუთეულში აუცილებლად მოხვდება. ფრანგული რომანტიკა გერმანული ხასიათის წინააღმდეგ – რა შეიძლება იყოს ამაზე საინტერესო!

შესვენებამდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, შემდეგ კი, საშინელი რამ მოხდა: ჰარალდ შუმახერმა კინაღამ თავი მოაძრო პატრიკ ბატისტონს. მსაჯმა მეკარე არც კი დააჯარიმა, თუმცა ეს მომენტი, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ დარღვევად ითვლება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო დამატებით დროში დაიწყო. ფრანგებმა სწრაფად გაიტანეს ორი ლამაზი გოლი და თავი უკვე ფინალში ეგონათ. თუმცა იმ მომენტისთვის უკვე მოედანზე იყო გასული კარლ-ჰაინც რუმენიგე – ყველაზე დიადი გერმანელი იმათგან, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. გავიდა მიუხედავად ავადმყოფობისა და 39-გრადუსიანი სიცხისა და ყველას დაანახა, რას ნიშნავს გერმანული ხასიათი. მან ერთი გოლი გაქვითა, შემდეგ კი, ფიშერმა „მაკრატელათი“ გაათანაბრა ანგარიში.

ჩანდა, რომ ფეხბურთელებს ძალები აღარ ჰქონდათ. პენალტების სერიის ცქერა შეუძლებელი იყო – იმდენად დრამატული და მღელვარე გამოდგა ეს სანახაობა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვეს უფრო მედგრებმა – ამ კომპონენტში გერმანელებს ბადალი არასოდეს ჰყოლიათ.

  1. უნგრეთი-ურუგვაი 4:2

30 ივნისი, 1954 წელი

ლოზანა. „ლა პონტესი“

მსოფლიო ჩემპიონატი. 1/2 ფინალი

უნგრეთი: გროშიჩი, ბუზანსკი, ლანტოში, ბოჟიკი, ლორანტი, ზაკარიაში, ბუდაი, კოჩიში, ჰიდეგკუტი, ციბორი, პალოტაში.

ურუგვაი: მასპოლი, მარტინესი, სანტამარია, ანდრადე, კარბალიო, კრუსი, სოუტო, ამბროისი, ჰობერგი, სკიაფინო, ბორხესი.

გოლები: 1:0 ციბორი (12), 2:0 ჰიდეგკუტი (47), 2:1 ჰობერგი (76), 2:2 ჰობერგი (87), 3:2 კოჩიში (109), 4:2 კოჩიში (117)

მსაჯი: გრიფიტსი (უელსი). 37 000 მაყურებელი


ბევრისთვის ამ ტურნირის ფინალური მატჩი უფრო ცნობილია, მაგრამ ურუგვაისა და უნგრეთის ნახევარფინალი არანაკლებ დაძაბული იყო. მსოფლიო ჩემპიონები იმ ეპოქის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშობდნენ, თანაც ორივე გუნდს თავიანთი ლიდერები აკლდათ: ურუგვაის ობდულიო ვარელა, უნგრეთს – ფერენც პუშკაში.

თითქოს უნგრელებმა იოლად დაამტკიცეს თავიანთი ძალა: ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ისინი 2:0 იგებდნენ. მაგრამ გერმანული ფესვების მქონე ნატურალიზირებულმა არგენტინელმა ხუან ჰობერგმა ორი გოლის გატანა შეძლო, თანაც მეორე ბურთის შედეგ, რამდენიმე წუთით გონება დაკარგა – ძალიან აქტიურად მიულოცეს წარმატება პარტნიორებმა.

დამატებით დროში ურუგვაი უკეთესად გამოიყურებოდა: სკიაფინომ ძელსაც კი გაარტყა ბურთი. მაგრამ სამხრეთამერიკელთა მცველმა ანდრადემ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მეურვის გარეშე დარჩენილმა შანდორ კოჩიშმა თავით ორი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

  1. საფრანგეთი-ბრაზილია 1:1 პენ. 4:3

21 ივნისი, 1986 წელი

გვადალახარა. „ხალისკო“

მსოფლიო ჩემპიონატი. 1/4 ფინალი

საფრანგეთი: ბატსი, ბატისტონი, ამორო, ბოსი, ტიუსო, ჟირესი (84. ფერერი), ტიგანა, პლატინი, ფერნანდესი, სტოპირა, როშტო (101. ბელონი).

ბრაზილია: კარლოსი, ჟოსიმარი, ჟულიო სეზარი, ედინიო, ბრანკო, ალემაო, სოკრატესი, ჟუნიორი (91. სილასი), ელზო, მიულერი (72. ზიკო), კარეკა.

გოლები: 0:1 კარეკა (18), 1:1 პლატინი (42)

74-ე წუთზე ზიკომ ვერ გაიტანა პენალტი

მსაჯი: ინია (რუმინეთი). 65 000 მაყურებელი


უსამართლო წილისყრამ ადრეულ ეტაპზე შეახვედრა ერთმანეთს ორი სიმპათიური და ძლიერი გუნდი. სოკრატესის, ჟუნიორისა და ზიკოს ბრაზილია ევროპის ჩემპიონის, ბრწყინვალე ნახევარდაცვის მქონე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.

წესით, ასეთი თამაშის ბედი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაწყვეტილიყო პენალტების სერიით. გუნდები მუდმივად უტევდნენ, არც საკუთარ თავს და არც მოწინააღმდეგეს არ ინდობდნენ. მოთამაშეთა მინიმუმ ნახევარზე შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. ბრაზილიელები დაწინაურდნენ – კარგად იმუშავა მიულერი-კარეკას დუეტმა, მაგრამ შესვენებამდე მიშელ პლატინიმ გოლით აღნიშნა თავისი 31-ე დაბადების დღე. მან დომინიკ როშტოს პასი გამოიყენა.

მაგრამ ეს მატჩი გამოუყენებელი პენალტითა და უიღბლოთა გვარებით უფრო დაგვამახსოვრდა: ჯერ ზიკოს მოეცარა ხელი, როცა შესვლაზე შესულმა პენალტის დარტყმა ითავა. შემდეგ, პენალტების სერიაში ზედმეტად მოინდომა სოკრატესმა. პოლონელებთან  მატჩში მისმა „ჯამბაზურად“ შესრულებულმა პენალტმა, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ ფეხბურთი ცირკი არ არის: ჟოელ ბატსმა აიღო ბრაზილიელთა კაპიტნის 11-მეტრიანი. პენალტი გააფუჭა პლატინიმაც, მაგრამ მისი გუნდი ნახევარფინალში მაინც გავიდა.

  1. ინგლისი-გფრ 4:2

30 ივლისი, 1966 წელი

ლონდონი. „უემბლი”

მსოფლიო ჩემპიონატი. ფინალი

ინგლისი: ბენქსი, კოენი, ჯ. ჩარლტონი, მური, უილსონი, სტაილზი, ბ. ჩარლტონი, ბოლი, პიტერსი, ჰანტი, ჰერსტი.

გფრ: ტილკოვსკი, ჰოტგესი, შულცი, ვებერი, შნელინგერი, ბეკენბაუერი, ოვერატი, ჰალერი, ზეელერი, ჰელდი, ემერიხი.

გოლები: 0:1 ჰალერი (12), 1:1 ჰერსტი (18), 2:1 პიტერსი (77), 2:2 ვებერი (90), 3:2 ჰერსტი (101), 4:2 ჰერსტი (120)

მსაჯი: დინსტი (შვეიცარია). 94 000 მაყურებელი


„უემბლიზე” გამართული ფინალის გახსენებისას, როგორც წესი, მაშინვე ამოტივტივდება ორი გვარი: გერმანელებისთვის ეს არის საბჭოელი მსაჯი ტოფიკ ბახრამოვი, ინგლისელებისთვის – ფორვარდი ჯეფრი ჰერსტი.

ინგლისს შეეძლო და უნდა მოეგო ძირითად დროში, მაგრამ მეორე გოლი ბოლო წამებზე გაუშვა. დამატებით დროში ფინალის გმირები ჩაერთვნენ საქმეში. ჰერსტის გოლი დღემდე ნებისმიერი გერმანელის ნებისმიერ ინგლისელთან კამათის მთავარი თემაა. ბაქოელმა ლაინსმენმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და კარის აღება დააფიქსირა, რისთვისაც მას გერმანიაში მეტსახელი მოუგონეს: „ჰერ ცვაი-დრაი”.

ჰერსტმა კი, სრულად დაიმსახურა თანამემამულეთა მუდმივი მადლიერება და რაინდის ტიტული. 120-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით, ის დღემდე ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

  1. ბრაზილია-იტალია 4:1

21 ივნისი, 1970 წელი

მეხიკო. „აცტეკა“

მსოფლიო ჩემპიონატი. ფინალი

ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო, ბრიტო, პიაცა, ევერალდო, კლოდოალდო, ჟერსონი, რიველინო, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე.

იტალია: ალბერტოზი, ბურგნიჩი, ჩერა, როზატო, ფაკეტი, ბერტინი (75. ჯულიანო), მაცოლა, დე სისტი, დომენგინი, ბონინსენია (84. რივერა), რივა.

გოლები: 1:0 პელე (18), 1:1 ბონინსენია (37), 2:1 ჟერსონი (66), 3:1 ჟაირზინიო (71), 4:1 კარლოს ალბერტო (87)

მსაჯი: გლოკნერი (გდრ). 108 000 მაყურებელი


გადამწყვეტ მატჩში ორი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს იყო ბრძოლა ჟიულ რიმეს თასის სამუდამო მფლობელობისთვის და ეს გახლდათ შემტევი ფეხბურთის ზეიმი. აი, რას წერდა მაშინ ჟურნალი „ვორლდ სოქერ“ (World Soccer): „როგორც იქნა, სამყარომ მიიღო თვალნათელი და ურყევი დამტკიცება იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში წარმატება არტისტიზმსა და მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას მოაქვს”. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თურმე იმ დროში ხალხი თამაშის სანახაობრივ მხარეზე წუწუნებდა. მაშინ რაღა უნდა თქვან თანამედროვე ჟურნალისტებმა?!

რა თქმა უნდა, ფავორიტები ბრაზილიელები იყვნენ და პელემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების  რანგში უკანასკნელ შეხვედრას ატარებდა, თავით შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში. თუმცა გერმანელებთან ნახევარფინალში გადაღლილი იტალია, 66-ე წუთამდე ინარჩუნებდა ბონინსენიას მიერ აღდგენილ თანაფარდობას. პელემ კიდევ ორი გოლი შექმნა თავისი პარტნიორებისთვის, ჟაირზინიო გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა, ხოლო ფეხბურთის მეფის პასის შემდეგ კარლოს ალბერტოს გასროლა, დღემდე ასოცირდება პელესა და 50-60-იანი წლების ბრაზილიის დიადი ნაკრების ეპოქის დასასრულთან.

  1. ბენფიკა-რეალი 5:3

2 მაისი, 1962 წელი

ამსტერდამი. ოლიმპიური სტადიონი

ჩემპიონთა თასი. ფინალი

ბენფიკა: კოშტა პერეირა, ჟოაო, ჰერმანო, ანხელუ, კავემი, კრუსი, აუგუშტუ, ეუსებიო, აგუაში, კოლუნა, სიმოეში.

რეალი: არაკისტაინი, კასადო, სანტამარია, მიერა, ფელო, პაკინი, ტეხადა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო.

გოლები: 0:1 პუშკაში (17), 0:2 პუშკაში (23), 1:2 აგუაში (25), 2:2 კავემი (34), 2:3 პუშკაში (38), 3:3 კოლუნა (51), 4:3 ეუსებიო (65-პენ), 5:3 ეუსებიო (68)

მსაჯი: ჰორნი (ჰოლანდია). 65 000 მაყურებელი


„ბენფიკა“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასზე „რეალის“ ჰეგემონიის დარღვევა შეძლო. ერთი წლით ადრე, პორტუგალიელებს უკვე მოგებული ჰქონდათ ეს პრესტიჟული ტიტული, როცა ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხეს, მაგრამ სამეფო ტახტზე უფრო მყარად დასამკვიდრებლად, საჭირო იყო ჰენტოს, დი სტეფანოს და პუშკაშის „რეალის“ დამარცხება.

ეს იყო „ბენფიკას“ შემადგენლობაში 19 წლის ეუსებიოს პირველი სრულფასოვანი სეზონი. „შავი მარგალიტი” თავიდან დაბნეული ჩანდა. „რეალი“ 2:0 დაწინაურდა, შემდეგ 3:2 იგებდა. და მაინც, პორტუგალიელებმა გამონახეს ძალები იმისთვის, რომ ჯერ ანგარიში გაეთანაბრებინათ და შემდეგ გამარჯვებისთვის მიეღწიათ. გადამწყვეტი გახდა შესვენებაზე მომხდარი გადაადგილება: ნახევარმცველი კავემი დი სტეფანოს უვნებელსაყოფად უკან დახიეს და „ბენფიკას“ უნგრელი მწვრთნელის რუტმანის გეგმამ 100 პროცენტით გაამართლა: 21 წუთში ჰეთ-თრიკის გამტანი პუშკაში, ასისტენტის გარეშე დარჩა. ბოლო ორი ბურთი ეუსებიომ გაიტანა, მათ შორის გამარჯვების გოლი პენალტით, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა.

  1. ინგლისი-უნგრეთი 3:6

25 ნოემბერი, 1953 წელი

ლონდონი. „უემბლი“

ამხანაგური მატჩი

ინგლისი: მერიკი, რამსეი, ეკერსლი, რაიტი, ჯონსტონი, დიკინსონი, მეტიუზი, ტეილორი, მორტენსენი, სიუელი, რობი.

უნგრეთი: გროშიჩი (76. გელერი), ლორანტი, ბუზანსკი, ზაკარიაში, ლანტოში, ბოჟიკი, ჰიდეგკუტი, ბუდაი, კოჩიში, პუშკაში, ციბორი.

გოლები: 0:1 ჰიდეგკუტი (2), 1:1 სიუელი (13), 1:2 ჰიდეგკუტი (20), 1:3 პუშკაში (24), 1:4 პუშკაში (27), 2:4 მორტენსენი (38), 2:5 ბოჟიკი (50), 2:6 ჰიდეგკუტი (53), 3:6 რამსეი (57-პენ).

მსაჯი: ჰორნი (ჰოლანდია). 100 000 მაყურებელი


ინგლისურმა პრესამ ეს თამაში ერთხმად მონათლა „საუკუნის მატჩად“. მიზეზიც ჰქონდა – პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო კონტინენტის წარმომადგენელთან.  და არა მარტო წააგო – ისე უმოწყალოდ გაითელა, რომ აქედან მოყოლებული, ინგლისელები აღარ ამტკიცებდნენ – ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე უკეთესად ვთამაშობთ ფეხბურთსო.

უნგრელები ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ და სულაც არ ეშინოდათ მასპინძლების 80-წლიანი წაუგებელი სერიისა. მათ ინგლისელები თავიანთი მსუბუქი ბუცებით გააკვირვეს (ერთი შეხედვით, ისინი ბალეტისთვის უფრო გამოდგებოდა, ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ), მაშინვე გახსნეს ანგარიში, შესვენებისთვის 4:2 იგებდნენ და მთელი მატჩი ისეთ მაღალ ტემპში ჩაატარეს, რომ ინგლისელები ვერ ხვდებოდნენ, საით ერბინათ. ჰიდეგკუტის ჰეთ-თრიკმა და პუშკაშის დუბლმა სტუმრებს გაამარჯვებინა მატჩში, რომელმაც ინგლისელებს ფეხბურთზე წარმოდგენა შეუცვალა.