ფეხბურთის ფედერაცია - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში, იმედია, ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.
ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი საქმიანობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“, – აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.