„ფეიენოორდის“ დამრიგებელი არნე სლოტი „ტოტენჰემის“ გაწვრთნას დათანხმდა #1TVSPORT
ნიდერლანდების ახალი ჩემპიონის, „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი დათანახმდა, სათავეში ჩაუდგეს „ტოტენჰემს“. როგორც ნიდერლანდური გაზეთი De Telegraaf-ი წერს, 44 წლის სპეციალისტის აგენტმა განუცხადა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას, რომ სლოტი მზად არის, ამ ზაფხულს ჩაუდგეს სათავეში „ტოტენჰემს“. სლოტის ხელში ჩასაგდებად „ტოტენჰემს“ „ფეიენოორდისთვის“ შვიდი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
სლოტი როტერდამულ გუნდს 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს. გარდა წელს მოპოვებული ერედივიზიონის ტიტულისა, ამ სპეციალისტმა შარშან გუნდი კონფერენციის ლიგის ფინალში გაიყვანა.
„ტოტენჰემი“ წლევანდელ სეზონს ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით იწყებდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაითხოვეს. გუნდს დროებით რაიან მეისონი ხელმძღვანელობს.