ფედერიკა მოგერინიმ განმარტა, რატომ არ არის ნახსენები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის დასკვნაში ექვსი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განმარტა, თუ რატომ არ არის ნახსენები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის დასკვნაში ექვსი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები. მოგერინის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აერთიანებს ექვს სახელმწიფოს, რომელთაგანაც სამთან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროკავშირს გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება, სამთან კი არა. მოგერინის განმარტებით, ექვსი ქვეყნიდან თითოეულს განსხვავებული ევროპული მისწრაფებები აქვს. სწორედ ამიტომ, მინისტერიალის დასკვნითი განცხადება განსხვავდებოდა ასოცირების შეთანხმების ტექსტისგან.
გარდა ამისა, მოგერინიმ აღნიშნა, რომ 13 მაისის მინისტერიალი უფრო მეტად ფოკუსირებული იყო მიღწეული შედეგების შეჯამებაზე, ვიდრე სამომავლო პერსპექტივაზე.
„თქვენ ნახეთ თავმჯდომარის დასკვნა, მუშაობის შეჯამება. ეს არის მეათე წლისთავი, ეს არის ზეიმი. მიზანი იყო, შეგვეჯამებინა ყველა პოზიტიური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შევძელით. იგი ფოკუსირებული იყო უფრო იმაზე, თუ რისი მიღწევა შევძელით დღემდე, ადამიანების ცხოვრებისთვის პარტნიორობის მნიშვნელობაზე და უფრო ნაკლებად იყო ფოკუსირებული სამომავლო პერსპექტივაზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს 2020 წლამდე ჯერ კიდევ შესასრულებელი 20 ამოცანა. 2020 წელი ძალიან ახლოსაა. ასე რომ, ფოკუსირებული ვართ ამაზე. აშკარაა, რომ ნებისმიერი შემდეგი დისკუსია სამომავლო პერსპექტივის შესახებ გაიმართება ევროკავშირში მომავალი საინსტიტუციო ცვლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებიდან სამს აქვს ასოცირების შეთანხმება, სამს კი არა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა გამოვიჩინოთ და შევინარჩუნოთ ექვსი პარტნიორის ეს ფორმატი. ამიტომ, მე არ მიკვირს განსხვავებული ფორმულირებები ასოცირების შეთანხმებებსა და იმ დეკლარაციებსა და განცხადებებში, რომლებსაც ვაქვეყნებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამგვარი შეხვედრების შემდეგ, რადგან ამგვარი შეხვედრები აერთიანებს ექვს პარტნიორს, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან.
თითოეული პარტნიორი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანი იმსახურებს პატივისცემას. ევროკავშირის მხრიდან ეს პატივისცემა გამოიხატება ევროკავშირთან მათ ურთიერთობებში არსებული მისწრაფებების დიფერენციაციით. ექვსი პარტნიორის მისწრაფებები ძალიან განსხვავებულია. ჩვენ გვსურს ყველა მათგანმა თავი იგრძნოს კომფორტულად ჩვენთან თანამშრომლობისას“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციისას.