ფედერიკა მოგერინი - საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში დიდ პროგრესს მიაღწია, რაც ჩვენი ინტეგრაციის საფუძველია
საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში დიდ პროგრესს მიაღწია, რაც ჩვენი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ გაიმართა.
ერთობლივი განცხადებები ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა გააკეთეს.
მოგერინიმ საბჭოს დღევანდელი სხდომა დადებითად შეაფასა და განხილულ საკითხებზეც ისაუბრა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო მეგობარო, რამდენიმე თვის წინ იყავით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ვისაუბრეთ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის გახსნაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი იყო. ჩავატარეთ ჩვენი საბჭოს ძალიან კარგი, მე-5 შეხვედრა. ჩვენი შეხვედრების სიხშირე არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დისკუსია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში, რაც ჩვენი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველია“, – განაცხადა მოგერინიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, პარტნიორობის სრული პოტენციალის განხორციელების მიმართულებით იმუშაოს.
„ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის სრული პოტენციალის განხორციელებისთვის, რომელშიც შედის ექსპორტისა და ეკონომიური ზრდის პოტენციალი. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით ორი წლის წინ მისცა შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ 300 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა მოგერინიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი შედეგი, რომელსაც საქართველომ და ევროკავშირმა ერთად მიაღწიეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს იმაზე, როგორ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ზოგიერთ პრობლემას, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგადად, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გადაიჭრება“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.