ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ახალ საჩოგბურთო სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ჰოპმანის თასზე შვეიცარიის ნაკრების რიგებში გამოდის, სადაც მისი პარტნიორი ბელინდა ბენჩიჩია.
ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში შვეიცარიამ იაპონია 3:0 დაამარცხა. პირველ მატჩში ფედერერმა სამი ბრეიკის წყალობით მოუგო იუტა სუგიტას (მე-40 ნომერი) – 6:4, 6:3. ამის შემდეგ ბელინდა ბენჩიჩმა (74) ასევე ნაომი ოსაკას (68) ორ სეტში მოუგო. ბენჩიჩმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და საკუთარი მოწოდება თითოჯერ წააგო.
ბოლოს იყო წყვილთა მატჩი, რომელშიც ფედერერმა და ბენჩიჩმა 2:4, 4:1, 4:3(1) მოუგეს იაპონელებს.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში აშშ-მ (ჯეკ სოკი/კოკო ვანდევეგე) რუსეთს (კარენ ხაჩანოვი/ანასტასია პავლიუჩენკოვა) მოუგო – 2:1.