FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით ემუქრება
FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით ემუქრება. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ენდრიუ მაკკეიბს, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს, გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც ტრამპის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან კავშირს ადასტურებს.
ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარია ტრამპისა და მაკკეიბის საუბრების ჩანაწერებზე.
გავრცელებული ცნობით, ეს ინფორმაცია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებაზე მომუშავე სპეცპროკურორ რობერტ მიულერს უკვე გადაეცა.
შეგახსენებთ, ენდრიუ მაკკეიბი 2016 წლის არჩევნების დროს, ჰილარი კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმეს იძიებდა. რესპუბლიკელმა სენატორებმა მაკკეიბი არაერთხელ გააკრიტიკეს.