FBI-ის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან დაითხოვეს
FBI-ის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან დაითხოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის მოადგილე ენდრიუ მაკკეიბი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა მიიღო.

მიზეზად დასახელდა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მაკკეიბის უკიდურესად მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება, ასევე გამოძიების პროცესში მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება.

გენერალურმა პროკურორმა სეშენსმა განაცხადა, რომ მაკკეიბი მედიას ინფორმაციას პერმანენტულად აწვდიდა, რასაც, შესაძლოა, გამოძიების პროცესი შეეფერხებინა. მაკკეიბი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა.

ენდრიუ მაკკეიბის თანამდებობიდან გათავისუფლებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა. მან ფაქტი დადებითად შეაფასა.

მაკკეიბის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ფედერალური ბიუროს კეთილსინდისიერი თანამშრომლებისთვის. ეს დიდებული დღეა დემოკრატიისთვის. წარსულში ჯეიმს კომი მისი ხელმძღვანელი იყო და მაკკეიბიც მის აზრებს ახმოვანებდა. მაკკეიბი ბევრს იტყუებოდა და ფედერალურ ბიუროში არსებულ კორუფციასთან ჰქონდა კავშირი“, – წერს ტრამპი.

FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი 2017 წლის 9 მაისს, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად ფედერალური ბიუროს მენეჯმენტში არსებული უწესრიგობა და დისციპლინის დარღვევა დასახელდა.

კომის თანამდებობიდან დათხოვას დემოკრატების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.