ფატმა ჯერენ იაზგანი - აჭარასთან დაკავშირებით თურქეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, ჩვენი თხოვნაა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ ინფორმაციას
საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში თურქეთის წინააღმდეგ აჭარასთან დაკავშირებით დეზინფორმაციები ვრცელდება.
ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას სთხოვა, ნუ მიაქცევენ ყურადღებას მცდარ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის განსაზღვრულია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში თურქეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, განსაკუთრებით, აჭარასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის განსაზღვრულია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი. ამ კონტექსტში ვხვდებით ისეთ მცდარ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითისთვის, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების 100 წელი ხდება და მას ვადა გასდის და, რომ თურქეთი მოინდომებს აჭარის მიტაცებას. ასეთი რამ ძალიან მცდარია და ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ ინფორმაციას“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
ამასთან, დღეს საქართველოში თურქეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები, სადაც, პროვოცირების მიზნით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ.