ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება
ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ინიცირებისთვის უკვე მზადაა.
ცვლილებებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება ექნება, განსაზღვროს GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის სავალდებულო წესით წარმოდგენის ეტაპობრიობა და პირობები.
მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის, GMP-ის სტანდარტის მოთხოვნის კუთხით, ერთიანი მიდგომა შეიქმნება, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიან კონკურენციასა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მთავრობა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.