FAO - ცხოველთა იდენტიფიკაციის ელექტრონულ სისტემაში თავმოყრილია მილიონზე მეტი მსხვილფეხა საქონლის მონაცემები, როგორიცაა წარმოშობა, გადაადგილება, ვაქცინაცია და დაკვლის თარიღი
საქართველოში უკვე სრული დატვირთვით მუშაობს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში.
როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ, პირველი ფაზა, რომელიც ხუთწლიან პერიოდს მოიცავდა, წარმატებით და ხელშესახები შედეგებით დასრულდა. ამ ეტაპზე, NAITS ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე, მათი ადგილსამყოფელისა და მფლობელების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ ეს პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად განახორციელეს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხუთწლიანი მუშაობის შედეგად, NAITS-ის სისტემაში დარეგისტრირებულია 900-ზე მეტი მომხმარებელი (სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ინსპექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები), 250 000-ზე მეტი ცხოველთა სადგომი; თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელზე. სისტემაში ცხოველების შესახებ იძებნება ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, მათი წარმოშობა, გადაადგილება, ვაქცინაცია, დაკვლის თარიღი – რათა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი „ფერმიდან – სუფრამდე“ პრინციპით, დოკუმენტირებული და სრულად მიკვლევადი იყოს.
ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობა, რომელსაც NAITS ემსახურება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მომხმარებლებისთვის უვნებელი ხორცპროდუქტების მიწოდებასთან ერთად, პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.
ელექტრონული სისტემა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ FAO-ს დახმარებით ჩამოაყალიბა, 22 განსხვავებულ მოდულს მოიცავს. მათ შორისაა, ცხოველთა და მათი სადგომების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა გადაადგილების, ლაბორატორიული შედეგების, ეპიდემიოლოგიური კვლევების, ცხოველთა სასაკლაოებისა მოდულები.
ამავდროულად, სისტემა იძლევა თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზის საშუალებასაც. ამჯერად, FAO-ს გუნდი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სამომხმარებლო მოდულის დასრულებაზე მუშაობს, რომლის შედეგად შექმნილი NAITS-ის „ანდროიდ“ აპლიკაცია მყიდველებს საშუალებას მისცემს, ხორცისა თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დახლთანვე, ელექტრონულად მოიძიონ“, – ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციაში.
FAO-ში აღნიშნავენ, რომ NAITS-ი მნიშვნელოვნად ზოგავს ზემოთ აღნიშნული მონაცემების აღრიცხვის დროსა და რესურსს. ის საქართველოში ამ მიმართულებით დანერგილი ქაღალდის ფორმების შევსებას სრულად ელექტრონული სისტემით ჩაანაცვლებს.
„მთლიანობაში, პროექტის განმავლობაში გადამზადდა ასობით ვეტერინარი, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ქვეყანაში ფერმერთა დიდ ნაწილს, მათ შორის, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ფერმერებსა და ფართო საზოგადოებაში სისტემატურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების უვნებლობისა და მათი მიკვლევადობის მნიშვნელობაზე; FAO დაეხმარა სურსათის ეროვნულ სააგენტოს NAITS-ის მომხმარებლების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ე.წ. Help Desk-ის გამართვაში.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განახლებული NAITS დანერგა. მისი შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. სისტემის ეფექტურობასა და მაღალ ხარისხს სხვა ქვეყნების დაინტერესებაც ადასტურებს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად ითხოვა NAITS-ის დანერგვა. სისტემისადმი ინტერესი ასევე გამოხატეს ალბანეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, მონღოლეთმა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა“, – აღნიშნავენ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.