„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ, გერმანიასთან და უნგრეთთან ერთად, ეწინააღმდეგება ნატო-ს სხვა სახელმწიფოების მცდელობას, შესთავაზონ უკრაინას ალიანსის წევრობის საგზაო რუკა ვილნიუსის სამიტზე
„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ, გერმანიასთან და უნგრეთთან ერთად, ეწინააღმდეგება ნატო-ს სხვა სახელმწიფოების მცდელობას, შესთავაზონ უკრაინას ალიანსის წევრობის საგზაო რუკა ვილნიუსის სამიტზე

ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიასთან და უნგრეთთან ერთად, ეწინააღმდეგება ნატო-ს სხვა სახელმწიფოების მცდელობას, შესთავაზონ უკრაინას ალიანსის წევრობის საგზაო რუკა ვილნიუსის სამიტზე, – ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც აღწერილია პრაქტიკული და პოლიტიკური წინადადებები უკრაინისთვის. მათ შორისაა წინადადება უკრაინის ნატო-სთან ურთიერთობაზე ახალი დეკლარაციის შესახებ, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ ქვეყანა „ერთ დღეს გახდება ალიანსის წევრი“.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, გაიზარდა იმ იდეის მხარდამჭერთა რიცხვი, რომლის თანახმადაც, უკრაინას ვილნიუსის სამიტზე შესთავაზონ პოლიტიკური გზა წევრობისკენ.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამ წინადადებას ეწინააღმდეგება აშშ, გერმანია და უნგრეთი. ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატო-სთან კავშირების გაღრმავებამ, შესაძლოა, გააძლიეროს პუტინის ნარატივი რუსეთსა და ნატოს შორის ბრძოლის შესახებ და რომ მოსკოვმა, შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს, მათ შორის ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგებით.