„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი განიხილავს წინადადებას სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნაზე, რათა აღადგინოს კავშირი ქსელთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნებისთვის
„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი განიხილავს წინადადებას სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნაზე, რათა აღადგინოს კავშირი ქსელთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნებისთვის

ევროკავშირი განიხილავს წინადადებას რუსეთის სანქცირებული  აგრარული ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნის თაობაზე, რათა აღადგინოს კავშირი გლობალურ ფინანსურ ქსელთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

მედიის ცნობით, გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს 17 ივლისის შემდეგ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისთვის და დაადანაშაულა დასავლეთი შეთანხმებასთან დაკავშირებით „აღმაშფოთებელ“ ქმედებებში.

როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, გაერო-ს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა წამოაყენა გეგმა, რომელიც „როსელხოზბანკის“ შვილობილ კომპანიას საშუალებას მისცემს, განახორციელოს გადახდები მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, ახალ საბანკო განყოფილებას მიეცემა უფლება, გამოიყენოს გლობალური ფინანსური სისტემა SWIFT-ი, რომელიც დახურული იყო უმსხვილესი რუსული ბანკებისთვის გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. SWIFT-ზე წვდომის აღდგენის გარდა, რუსეთი ასევე ცდილობს, განაახლოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების მიღება და მოხსნას შეზღუდვები დაზღვევაზე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში რუსეთის მოთხოვნების შეუსრულებლობაში და თქვა, რომ მოსკოვი მისგან გასვლას განიხილავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ივლისში დატოვებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.