Facebook-ი „ბრექსითის“ შესახებ რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევას უფრო დეტალურად გამოიძიებს
Facebook-ი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ გამართულ რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას გააფართოებს.
ინფორმაცია ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გაავრცელეს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ბრიტანელი კანონმდებლების ნაწილი Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით უკმაყოფილოა.
ამერიკულმა კომპანიამ შარშან დეკემბერში განაცხადა, რომ “ბრექსითის” დროს რუსული კომპანიების მიერ სოციალურ ქსელში ფასიანი რეკლამის განთავსების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა.
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში Facebook-ის დასკვნების მიმართ კრიტიკა გამოთქვეს, სოციალური ქსელის მესვეურები ხელახალი და უფრო დეტალური ანალიზის ჩატარებას დათანხმდნენ.
“ჩვენ ახალი ანგარიშების გამოკვლევას ოპერატიულად ვაპირებთ და ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება”, – განაცხადა კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა საიმომ მილნერმა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა “ბრექსითის” პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში მიმართეს. მანამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში, საფრანგეთსა და ბალკანეთის რეგიონში არჩევნებში ერეოდა.