ეზიდთა სასულიერო საბჭო - მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მიდგომებისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება
ეზიდთა სასულიერო საბჭო - მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მიდგომებისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება

ეზიდთა სასულიერო საბჭო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად მათი თეოლოგიური, თუ დოგმატური დამოკიდებულებებისა სექსუალური ორიენტაციის მიმართ, მათთვის უმთავრესი ფასეულობაა არის არა ძალადობა.

ეზიდთა სასულიერო საბჭო აცხადებს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება.

„ჩვენ, საქართველოში არსებული ეზიდთა სასულიერო საბჭო, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ 5 მაისს დაგეგმილი ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გავაკეთოთ. ჩვენ ვართ მორწმუნე ადამიანების თემი, რომელთაც ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი დევნა და შევიწროება განვიცადეთ და სულ რამდენიმე წლის წინ ერაყში სასტიკი გენოციდისა და დევნის სამიზნეები გავხდით. ვინ ვინ და ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს, როცა იდევნები არა იმისათვის, რომ რამე გააკეთე, არამედ იმისათვის ვინც ხარ. ყველა რელიგიურ თემს აქვს თავისი ფასეულობათა სისტემა. ჩვენთვისაც, როგორც სხვა რელიგიებისათვის, არის მოვლენები, რომლებიც ცოდვად და ამორალურობად მიგვაჩნია და არის მოვლენები, რომლებიც სიკეთედ, მადლად ითვლება ეზიდურ სწავლებაში. უდიდესი უზნეობა, ამორალობა და ცოდვა ჩვენი სწავლებისათვის არის გარიყულის მეტად გარიყვა, სუსტის დაჩაგვრა და დაუცველზე ძალადობა. ჩვენმა სასულიერო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შევეცადეთ ეზიდური თეოლოგიის შუქზე გვეჩვენებინა, თუ რას ნიშნავს ჩვენი რელიგიისათვის სექსუალური ორიენტაცია.

სამწუხაროდ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, რადგანაც არ გავითვალისწინეთ, რომ ძალადობის, მუქარისა და კარს მომდგარი დაპირისპირების საფრთხის წინაშე ჩვენი განცხადება სწორედ ძალადობის ლეგიტიმაციისათვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რაც ასეც მოხდა. ძალიან მალე, ადამიანებმა სასწრაფოდ გადააზიარეს ჩვენი განცხადება და თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს მის შინაარსს. ჩვენ, ეზიდთა სასულიერო საბჭო და ეზიდთა რელიგიური თემი ვთვლით, რომ მიუხედავად ჩვენი თეოლოგიური, თუ დოგმატური დამოკიდებულებებისა სექსუალური ორიენტაციის მიმართ, ჩვენთვის უმთავრესი ფასეულობა არის არა ძალადობა. ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მიდგომებისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.