ეზეროს კრატერი — რატომ დასვა NASA-მ ახალი მავალი ამ ადგილას #1tvმეცნიერება
NASA-ს ახალი მარსმავალი ეზეროს კრატერში დაჯდა. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს ზონა ერთ დროს წყლით იყო დაფარული და უძველესი მდინარის დელტას წარმოადგენდა. დაშვების ადგილის შერჩევაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მისიის ჯგუფის წევრები, ისე მეცნიერები მთელი მსოფლიოდან; ისინი წითელი პლანეტის 60-ზე კანდიდატ ადგილს განიხილავდნენ. პოტენციურ ადგილთა ხუთწლიანი ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, რომელთაგან თითოეული თავისი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა, მეცნიერთა არჩევანი ეზეროს კრატერზე შეჩერდა.
ეზეროს კრატერი მარსის წყლიანი წარსულის შესახებ გვიამბობს. 3,5 მილიარდი წლის წინ, კრატერის კედლებს მდინარეები უერთდებოდა და ტბას წარმოქმნიდნენ. მეცნიერები ხედავენ იმის მტკიცებულებასაც, რომ მიმდებარე ზონებიდან წყალს კრატერულ ტბაში თიხა-მინერალები ჩაჰქონდა. სავარაუდოდ, ასეთ წყლიან ხანაში ეზეროზ კრატერში შეიძლება მიკრობული სიცოცხლეც ყვაოდა. თუ ასე იყო, მათი ნაშთების კვალი შეიძლება დღესაც ვიპოვოთ ტბის ფსკერზე ან ნაპირებზე არსებულ დანალექებზე. მეცნიერები შეისწავლიან, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა ეს რეგიონი, მოძებნიან წარსულის სიცოცხლის ნიშნებს და შეაგროვებენ მარსის ქანების ნიმუშებს, რომლებშიც შეიძლება ასეთი ნიშნები იყოს.
ეზეროს კრატერის სიგანე 45 კილომეტრია და მდებარეობს ბრტყელი ვაკის, სახელად ისიდის-პლანიტიას დასავლეთ კიდეზე. მთლიანად ეს რეგიონი კი მარსის ეკვატორის ოდნავ ჩრდილოეთით არის მოქცეული. „პერსევერანსის“ დაჯდომის ადგილი „კურიოზიტის“ დაჯდომის ადგილიდან, გეილის კრატერიდან 3700 კილომეტრით არის დაშორებული.
ეზეროს კრატერი მდებარეობს რეგიონში, სადაც უძველესი მეტეორიტის დარტყმის შედეგად წარმოქმნილია 1200 კმ სიგანის კრატერი. ამ მოვლენას ისიდისის დარტყმა ეწოდება და მან სამუდამოდ შეცვალა კრატერის ქანები და საძირკველი. მოგვიანებით, პატარა მეტეორიტთა დარტყმებმა ამ დიდ დარტყმით აუზში ეზეროს კრატერი წარმოქმნა. მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენებს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა წარმოექმნა. არსებობს მტკიცებულება, რომ ეზეროს კრატერში უძველესი მდინარე ჩაედინებოდა და წარმოქმნიდა დელტას, რომელიც ძალიან შორეულ წარსულშივე დაშრა.
ამიტომაც მიიჩნევა, რომ შორეულ წარსულში ეზეროს კრატერი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო. მარსის გარშემო მოძრავმა ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა გაარკვია, რომ კრატერი შეიცავს ისეთ თიხებს, რომლებიც მხოლოდ წყლის არსებობისას წარმოიქმნება. დედამიწაზე ასეთი თიხები აღმოჩენილია მდინარე მისისიპის დელტაში, სადაც თავად ამ ქანებში ჩაჭედილი მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს. შესაბამისად, ეზეროს კრატერი დიდებული ადგილია მარსის პოტენციური სიცოცხლისუნარიანი გარემოს შესასწავლად, სადაც შეიძლება ჯერ კიდევ იყოს შემორჩენილი სიცოცხლის კვალი.
ეზეროს კრატერში „პერსევერანსს“ წვდომა ექნება 3,6 მილიარდი წლის წინანდელ ქანებთან. ადრეული მარსის გარემოს შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს; ბევრი აზრია იმის შესახებაც, როგორ იქცა წითელი პლანეტა ისეთად, როგორიც დღეს არის. ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება სწორედ ეზეროს კრატერის უძველესმა ქანებმა გაგვცეს და კიდევ უფრო ბევრი რამ გვითხრას კლდოვან პლანეტათა წარმოქმნის შესახებ.
მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.